პრემიერის ანგარიშის მიხედვით, მთავრობა მოამზადებს და უახლოეს პერიოდში წარადგენს კოსმეტიკური პროდუქტების რეგულირების შესახებ კანონპროექტს. კონკრეტულად რას შეეხება რეგულირება, ადგილობრივ წარმოებას, თუ იმპორტს, ანგარიშში არ წერია.
ანგარიშის მიხედვით, ასევე იგეგმება სამედიცინო მოწყობილობების რეგულირება. დეტალები, ამ შემთხვევაშიც უცნობია.
რაც შეეხება, უკვე განხორციელებულ ჯანდაცვის სხვა პროექტებს, ანგარიშის მიხედვით:
- ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფარგლებში, 2023 წელს პარლამენტმა მიიღო კანონები „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“. პარლამენტში განხილვის პროცესშია კანონი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“. აღნიშნული კანონი ეთიკური და ხარისხის მოთხოვნების სრული დაცვით დაარეგულირებს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სფეროს;
- საკანონმდებლო დონეზე 2024 წელს განხორციელდა ექთნებისა და მეანი ექთნების (წარსულში ბებიაქალების) საკანონმდებლო აღიარება და მათი „რეგულირებად“ პროფესიად განსაზღვრა;
- ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს მუშაობა ექთნების პროფესიული განვითარების სტანდარტებზე;
- შეიქმნება ერთიანი ელექტრონული სისტემა ჯანდაცვის სფეროში რეგულირებადი პროფესიების რეგისტრაციისთვის;
- 2023 წელს ამოქმედდა მინიმალური ანაზღაურების მექანიზმი ექიმის, ექთნის, ხოლო 2024 წლიდან უმცროსი ექიმის, ექთნის თანაშემწის, ბებიაქალისა და სანიტრის პოზიციებზე;
- დიპლომის შემდგომ განათლებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სარეზიდენტო მზადება უფინანსდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე პირებს პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში.