მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რეგულირებას ამკაცრებს – სამინისტრომ კანონპროექტი პარლამენტს გადაუგზავნა

ვაზი ღვინო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მოამზადა, უწყებაში განმარტავენ, რომ ცვლილებების მიზანი ადგილობრივი მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ზრდა, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაა.

ინიციატივა ითვალისწინებს როგორც წარმოების, ისე რეალიზაციის ეტაპზე მოქმედი მოთხოვნების დახვეწას. კანონპროექტით მოწესრიგდება ვენახების გაშენების პროცედურები, პროდუქციის ეტიკეტირების წესები, სამომხმარებლო ტარაში დაფასოება და აღრიცხვიანობის მექანიზმები.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მიმართ, რასაც ახალ ვენახებში ინვესტიციების ზრდა მოჰყვა. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ვენახები გაშენებულია იმ ჯიშებით, რომლებიც კონკრეტული ზონისთვის არ არის ნებადართული, ან გამოიყენება არასერტიფიცირებული სანერგე მასალა. სამინისტროს შეფასებით, ეს ქმნის როგორც ყურძნის რეალიზაციის პრობლემებს, ასევე რისკებს ღვინის წარმოებაში.

ამ გამოწვევების საპასუხოდ, კანონპროექტი აწესებს, რომ სამეწარმეო დანიშნულების ვენახის გაშენებაზე თანხმობა სავალდებულოდ უნდა გასცეს სსიპ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ.

მოსალოდნელია, რომ გაშენებული ვენახებიდან მოწეული ყურძნის მოცულობის ზრდასთან ერთად გამკაცრდეს ხარისხის კონტროლი. ცვლილებების მიხედვით, დაცული ადგილწარმოშობის ღვინო და სპირტიანი სასმელი უნდა იწარმოოს მხოლოდ იმ მიკროზონაში მოწეული ყურძნისგან, რომელიც კონკრეტული პროდუქტის სპეციფიკაციაშია განსაზღვრული.

სხვა საკვანძო სიახლეა ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა-შეტყობინების ვალდებულების გავრცელება ყველა ღვინის მწარმოებელ კომპანიაზე, რაც უწყების მტკიცებით, სექტორში გამჭვირვალობას და ხარისხის მართვის პროცესების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.

კანონპროექტი მისაღებად უკვე გადაგზავნილია საქართველოს პარლამენტში, თუმცა პროექტი ჯერ ატვირთული არ არის. კანონიდან მეტ დეტალს bm.ge გამოქვეყნებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები