ტრადიციულად, წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც, საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონობისთვის მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ტრადიციულად წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნახევარი მილიონი ლარი ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 ათასი ლარი ბრინჯაოს პრიზიორებისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენ დამატებითი მოტივაცია არ გჭირდებით, იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, მაგრამ ეს არის დამატებითი ფაქტორი, რომელიც თქვენს მოტივაციას ალბათ, დამატებით აამაღლებს.
მინდა, დაგპირდეთ საქართველოს მთავრობის სახელით, რომ კვლავაც გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელების, ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება წლიდან წლამდე. მინდა, გისურვოთ დიდი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.