ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, "მთავრობა ორიენტირებულია გამჭვირვალე და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი მარეგულირებელი ჩარჩოს შენარჩუნებაზე".
ამის შესახებ ქვრივიშვილმა სტამბოლში ბუნებრივი რესურსების სამიტზე - INRES 2026 ენერგეტიკის მინისტრთა პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის შეფასებით, ამ კონტექსტში საქართველო რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების, ფართო ენერგეტიკულ უსაფრთხოების და დაკავშირებადობაში წვლილის შეტანის იდეის ერთგულია.
"სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, საქართველო განაგრძობს საიმედო სატრანზიტო და დამაკავშირებელი დერეფნის მნიშვნელოვანი როლის შესრულებას, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს. საქართველო აქტიურად უწყობს ხელს განახლებადი ენერგიის განვითარებას და ხელსაყრელ პირობებს ქმნის საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ჰიდროენერგეტიკა ჩვენი განახლებადი ენერგიის წარმოების ხერხემალია, ხოლო ქარისა და მზის პროექტები სწრაფად ვითარდება და სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. საქართველოს მთავრობა ორიენტირებულია გამჭვირვალე და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი მარეგულირებელი ჩარჩოს შენარჩუნებაზე, რათა მხარი დაუჭიროს მწვანე ენერგეტიკის განვითარებას და განამტკიცოს გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ქვრივიშვილმა რეგიონული ინფრასტრუქტურული ინიციატივებში საქართველოს ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, „შიდა რეფორმების პარალელურად, საქართველო ასევე აქტიურად არის ჩართული სტრატეგიულ რეგიონულ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ურთიერთდაკავშირებადობის გაძლიერებას".
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი წარმოადგენს მნიშვნელოვან პროექტს რეგიონული ენერგეტიკული დაკავშირებადობის გაუმჯობესების, განახლებადი ენერგიით ვაჭრობის მხარდაჭერისა და როგორც ევროპის, ისე ფართო რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი გადადის განხორციელების მომდევნო ფაზაში, რაც მოიცავს ზღვის ფსკერის დაგეგმილ გეოფიზიკურ და გეოტექნიკურ კვლევებს. მოხარულები ვართ, რომ პროექტი ოფიციალურად არის შეტანილი ევროკავშირის ურთიერთინტერესის მქონე პროექტების (PMI) სიაში, რაც ამ პროექტის წინსვლისა და განხორციელებისადმი ევროპის ძლიერ მხარდაჭერას ასახავს“, - განაცხადა მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა რეგიონში დაკავშირებადობის საკითხზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც პირველ გემებს 2029 წელს მიიღებს. მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომელიც რეგიონის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს. მინისტრის განცხადებით, პორტის პროექტი, ენერგეტიკულ დერეფნებთან ერთად, შექმნის ერთიან, მძლავრ ინფრასტრუქტურულ საფუძველს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ეფექტური ფუნქციონირებისთვის და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციას.
ცნობისთვის, სტამბოლში გამართულ ბუნებრივი რესურსების სამიტს, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად ენერგეტიკისა და სამთო-მოპოვებითი სექტორის წამყვანი კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მარიამ ქვრივიშვილთან ერთად სტამბოლში იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.





























