მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა PPA მექანიზმს ახალი მოდელით ანაცვლებს - რა კითხვები აქვს ბიზნესს?

63249abaca40b
ელენე გოგბერაშვილი
17.09.22 17:16
1041
ენერგეტიკის სექტორის მრავალწლიანი მოთხოვნების მიუხედავად, მთავრობა ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის PPA ხელშეკრულებებს აღარ აღადგენს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ BM.GE-სთან განაცხადა, რომ PPA მოდელს აუქციონების პრინციპი ჩაანაცვლებს, თუმცა ჯერჯერობით ეს მოდელი საბოლოო სახით ჩამოყალიბებული არ არის, ამიტომაც მინისტრის მოადგილე მისი დეტალების შესახებ საუბარს თავს არიდებს.

ენერგეტიკის სექტორის სტიმულირების რა მექანიზმი შეათანხმა საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ეს ჯერ გავლილი არ არის კერძო სექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, შესაბამისად ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ბევრი ღიად დარჩენილი კითხვაა, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან დაიწყება აუქციონი, იქნება თუ არა განსხვავებული ის პროექტის, სიმძლავრის თუ ტექნოლოგიის გათვალისწინებით.

„ყველაზე დიდი კითხვა რაც არის ისაა, რომ ვიცით, რომ ბევრი მდინარე გვაქვს, ბევრი რესურსია, რომელიც შესწავლილიც არ არის. არიან უამრავი კომპანია, რომლებიც ეძებენ კარგ პროექტებს, მდინარეებზე გასვლით, ჰიდროლოგიური კვლევით, წინასწარი გეოლოგიური კვლევებით, და შემდგომ, სახელმწიფოსთან შეკრული პაკეტით მიდიან და თხოვენ მემორანდუმის გაფორმებას. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ექსკლუზივი უნდა ჰქონდეს კომპანიას და სახელმწიფოსთან ერთად უნდა განიხილავდნენ რა ტარიფში მოხდება ფინანსური მოდელის შექმნით, და რა ტარიფში მოხდება გარანტირებული შესყიდვის ტარიფის გაფორმება, რადგან ამხელა სამუშაოს მერე მიხვიდე და სხვაზე მოხდეს ამ პროექტის გასხვისება, ინტერესი აღარ იქნება რომ თანხა დახარჯოს წინასწარ შესწავლაზე, როცა შეიძლება სხვასთან შეიძლება გაფორმდეს ხელშეკრულება. ეს არის ჩვენი მთავარი კითხვა“,-აცხადებს მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე.


რა ფორმაზე თანხმდებიან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იქნება ეს ვადიანობა, საიდან დაიწყება აუქციონი, რა დაუქციონდება, კონკრეტული პროექტი თუ სიმძლავრე თუ ენერგია, ტექნოლოგია და ა.შ ბევრი საკითხია, ბევრი მიდგომა შეიძლება გამოყენებულ იქნას და ზუსტად მაგაზე მიდის ალბათ მუშაობა, რომ ამის შემუშავება მოხდეს. საუკეთესო პრაქტიკა თითქმის ყველაფერს გულისხმობს. გულისხმობს აუქციონს კონკრეტული პროექტისთვისაც, აუქციონებს სიმძლავრეზეც, ტექნოლოგიაზეც, ტერიტორიაზე მიბმულსაც. ყველაზე მეტად რაც გვიჭირს არის ზამთრის გენერაცია და შეიძლება მოვითხოვოთ, რომ მე მინდა ზამთრის გენერაცია ამდენი და დანარჩენი ვინ რა შემომთავაზებთ და ამაზე წავიდეს წინადადებების მიმოცვლა. ბევრი შესაძლებლობა არის და საინტერესოა საბოლოო ჯამში რისი შერჩევა მოხდება“,-აცხადებს G&T-ის უფროსი ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, აუქციონის გზით პროექტების განხორციელება გაცილებით პროგრესული მიდგომაა. ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, სახელმწიფო გეგმავს, აუქციონის გზით ის ტარიფი დაადგინოს, რა ფასადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი გარანტირებულად მოახდენენ გამომუშავებული ელექტროენერგიის შესყიდვას.

თუ შევთანხმდით, გადავდივართ სრულიად ახალ მოდელზე, როცა სახელმწიფო შემოდის უკვე აუქციონებით, ანუ კი არ გეუბნება, რომ მე შენ ამდენს გაგიფორმებ და ამდენს და კი არ ეუბნება 5 ცენტი, 6 ცენტი, არამედ ეუბნება, რომ მეგობრებო მე მინდა ამდენი ავაშენო და აბა მითხარით რა ფასად ააშენებთ. ფასში იგულისხმება შესასყიდი ელექტროენერგიის ფასი 8 თვის განმავლობაში რაღაც პერიოდი, 10 წელი იქნება თუ 15 წელი, ალბათ ესეც ჩამოყალიბდება საბოლოოდ“,-აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

PPA მოდელის დროს სახელმწიფო ჰიდროელექტროსადგურის ინვესტორთან მოლაპარაკებების შემდეგ დებდა სხვადასხვა სახის კონტრაქტს ელექტროენერგიის გარანტირებული წესით შესყიდვის შესახებ. სწორედ PPA ტარიფი იყო გარანტია ინვესტორისთვის რომ მის მიერ ახალი ჰესის მშენებლობაში მილიონობით დოლარის ჩადების შემდეგ ის ამ თანხას ამოიღებდა.

2017 წლის შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებზე დღემდე მორატორიუმია გამოცხადებული. კონკრეტულად რა მოდელით შეიცვალა აღნიშნული PPA მექანიზმი, IMF-თან შეთანხმებულ დოკუმენტს მთავარობა კერძო სექტორს ერთი თვის ვადაში წარუდგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები