TI-ის რეგიონული ოფისების მენეჯერმა, ზვიად ქორიძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის მოხსნის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამით მთავრობა საქართველოს მოქალაქეებთან ბრძოლაში დამარცხდა.
მისივე ცნობით, მას შემდეგ, რაც მთავრობამ საერთაშორისო გამჭვირვალობასა და სადამკვირვებლოზე წნეხი გაზარდა, ძალიან ბევრ ადამიანს გაუძლიერდა სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გამოთქვეს დამკვირვებლობის სურვილი.
„რაც უფრო მეტად გაზარდა მთავრობამ წნეხი საერთაშორისო გამჭვირვალობასა და სადამკვირვებლოზე, ამ ერთი კვირის განმავლობაში კიდევ, გამოჩნდა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სამოქალაქო პასუხისმგებლობა გაუძლიერდა და ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა დამკვირვებლობის სურვილი. იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეებში კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოუერთდება. ისეთ საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფთ, რომ არავის ხელი არ წაუცდება დარღვევაზე და გადაცდომაზე, რომლითაც შეუძლიათ ქვეყნის მომავალი დააზიანონ.
[„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის მოხსნით] გამარჯვებული არის ჩვენი ორგანიზაცია, ეს სადამკვირვებლო მისიაც და თითოეული მოქალაქეც, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ასევე, ჩვენმა პარტნიორებმა მოიგეს, რომლებმაც თავიანთ განცხადებებში ძალიან სწორი აქცენტები დასვეს და ალბათ ძალიან კმაყოფილები არიან, რომ ამ ბრძოლაში ისინი ქართველი ხალხის პარტნიორები არიან. იმიტომ, რომ ერთობლივი ბრძოლით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, რომ გადაირჩინოს დემოკრატიული და ევრო პერსპექტივა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ეს ბოლომდე უნდა მივიყვანოთ“, - აცხადებს ქორიძე.
მისივე თქმით, მათი პასუხისმგებლობა, როგორც დამკვირვებლის იზრდება, რომ ამომრჩევლების დაიცვან.
„ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციის პასუხისმგებლობა იზრდება , რომ დავიცვათ ყველა მოქალაქის ხმა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პათოსი ყველა მოქალაქეს გადაედება, რადგან არჩევნებს ერთი აღებული ორგანიზაცია, ვერც შიდა და ვერც გარე ვერ იცავს. არჩევნებს იცავს მოქალაქე. მოქალაქე იცავს იმით, რომ არც თვითონ აძლევს საშუალებას, რომ თავისი ხმა გააყალბებინოს და არც იმაზე დახუჭავს თვალს, რომ ვიღაც სხვა აყალბებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არის სინერგიული პროცესი.
დღეს მთავრობა საზოგადოებასთან ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ მგონია, რომ ისინი კიდევ რაღაცას მოიმოქმედებენ, რადგან მათთვის ეს მარცხი არის დამაზიანებელი. ისეთ გადაწყვეტილებებს შესთავაზებენ ხალხს, რომ ისინი თავს კიდევ უფრო მეტად დაიზიანებენ. ამიტომ, ყველა უნდა ვიყოთ ფხიზლად. მაქსიმალური შემართებით, რომ ეს საარჩევნო პროცესი არავის დავაზიანებინოთ. სამწუხაროა, რომ საარჩევნო გარემოს დაზიანებას, მთავრობა ცდილობს“,- განაცხადა ზვიად ქორიძემ.