მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა სერბეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას გეგმავს - როგორია სავაჭრო ბრუნვა?

სერბეთი

საქართველოს მთავრობამ სერბეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების პირობების დოკუმენტის პროექტი მოიწონა. შესაბამისი განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა და 18 თებერვალს გამოქვეყნდა.

375-ე განკარგულებიდან ირკვევა, რომ მოლაპარაკების პირობების დოკუმენტზე ხელმოწერის უფლებამოსილება ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს გენადი არველაძეს მიენიჭა.

საქართველო-სერბეთის სავაჭრო ბრუნვა მცირეა. აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოსთან რეკორდული ექსპორტ-იმპორტი 2022 წელს იყო და 85.8 მლნ დოლარი შეადგინა. 2025 წელს კი სერბეთთან ვაჭრობის მაჩვენებელი წლიურად 20.3 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ამ ქვეყანასთან სავაჭრო სალდო უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპორტი ექსპორტს აღემატება.

2025 წლის მონაცემებით, საქართველომ სერბეთიდან 19.3 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა. იმპორტი წლიურად 33.7%-ით გაიზარდა. იმპორტირებული TOP-5 საქონლის რეიტინგი ასეთია:

  1. სიგარები და სიგარილები - $8.9 მლნ;
  2. მუყაოს ქაღალდი - $1.6 მლნ;
  3. აზოტოვანი სასუქები - $1.3 მლნ;
  4. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - $978 ათასი;
  5. ნავთობპროდუქტები - $656 ათასი;

რაც შეეხება ექსპორტს, სერბეთში 2025 წელს 999 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავყიდეთ, რაც წლიურად 56.7%-იანი კლებაა. გასული წლის განმავლობაში სერბეთში საქართველოდან გადაზიდული საქონლის ჩამონათვალში ვხვდებით გამომთვლელ მანქანებსა და მათ ბლოკებს ($340 ათასი), მედიცინაში და ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოებს ($240 ათასი), ეთილის სპირტს ($202 ათასი), ნაყოფს და კაკალს შაქრით ან მის გარეშე ($63 ათასი), დაწესებულ ფანერას ($55 ათასი) და სხვა.

2026 წლის იანვარში საქართველო-სერბეთის ბრუნვა 1 მილიონ 233 ათასი დოლარამდე გაორმაგდა. აქედან იმპორტი 542 ათასი დოლარი იყო, ხოლო ექსპორტი 691 ათასი დოლარი. იმპორტი მცირედ შემცირდა, ექსპორტი კი გაიზარდა.

იანვარში სერბეთში სათრიმლავი მცენარეული წარმოშობის ექსტრაქტები და დაწებებული ფანერა გავიდა, ხოლო მუყაოს ქაღალდი, აზოტოვანი სასუქები და რეზინის, ტყავის ფეხსაცმელი და სხვა პროდუქტები შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები