მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა თბილისის გეზის მიმდებარედ 54,769 კვ.მ-ის მიწას ₾4.9 მილიონად ყიდის

პრივატიზაცია

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე 54 769 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. ობიექტის საწყისი ფასი 4.93 მილიონი ლარია.

საპრივატიზაციო ქონება თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონიდან (გეზი) დაახლოებით 800 მეტრში მდებარეობს. მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდია 81.10.39.1040, ხოლო აუქციონის საგარანტიო თანხა 493 ათას ლარს შეადგენს.

ქონების აღწერილობის მიხედვით, ნაკვეთის ფართობი მთლიანად 54 769 კვ.მ-ს შეადგენს, შესაბამისად ერთი კვადრატული მეტრის სააუქციონო ფასი 90 ლარს შეადგენს ($34.2 დოლარი).

აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა საპრივატიზაციო თანხა 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. ასევე, გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად სახელმწიფო სერვისების შესაბამის სამსახურს აუქციონის დასრულებიდან 45 დღის ვადაში უნდა მიმართოს.

სააგენტოს ინფორმაციით, მიწის ტერიტორიაზე გადის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, ასევე ობიექტი მდებარეობს თბილისის და ვაზიანის აეროპორტების დაცვის ზონაში, რაც ადგილზე მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობას ზღუდავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები