"მთავრობა ცდილობს, მაგალითი მისცეს და სრულად გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს "რუსულ კანონზე" საუბრისას ამბროლაურში განუცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, მისთვის გაუგებარია, "რატომ უნდა იყოს ტაბუდადებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა".
"„გამჭვირვალობის კანონის“ შინაარსსა და დეტალებში არ შევალ. ძალიან კარგად იცის ამის თაობაზე ჩვენმა საზოგადოებამ. ჩემთვის გაუგებარია, ნებისმიერი პირი, ორგანიზაცია თუ არის ვალდებული, დეკლარაცია შეავსოს და სრულიად გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა, რატომ უნდა იყოს ტაბუდადებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა. ეს არის პირველი მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი არ მომისმენია.
მთავრობა და ხელისუფლება ცდილობს, მაგალითი მისცეს და სრულად გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა. ამიტომ, მე, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობას მივესალმები. ასევე, მინდა, შევახსენო საზოგადოებას და ამ კრიტიკოსებს და ე.წ. ოპონენტებს ვუთხრა – ახლა საუბრობენ, რომ „ოცნების“ ეს ნაბიჯი არის ანტიევროპული და ა.შ. თუ ვინმემ რაიმე ხელშესახები პროგრესი მოუტანა ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“. მეც, რა თქმა უნდა, ჩემი მოკრძალებული წვლილი მაქვს შეტანილი ამ პროცესში. მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში. მანამდე ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირების შეთანხმება – ყველა ეს ხელშესახები პროგრესი მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა გუნდმა. მეც ვარ ამაყი, რომ ამ პროცესში შეტანილი მაქვს ჩემი კონკრეტული წვლილი.
რაიმე კითხვა თუ არსებობს ამ კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით, არსებობს პარლამენტი. იცით, რომ გაიმართება განხილვები. ასე რომ, კეთილი ინებონ ამ ადამიანებმა, ყვირილისა და ემოციების გარეშე, მიიღონ მონაწილეობა და წარმოადგინონ საკუთარი არგუმენტები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.