მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა 26 434 800 ლარამდე, მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი კი 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 258-ე განკარგულებიდან ხდება ცნობილი.
3 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტით ცვლილება 29 იანვრის 222-ე განკარგულებაში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტიდან თანხის მოცულობა 4 დღეში დააკორექტირა. თავდაპირველად 1 625 000 ლარი 2 მუნიციპალიტეტზე იყო გამოყოფილი. დოკუმენტში აღნიშნული არ არის კონკრეტულად რომელი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება ფინანსური რესურსი.
3 თებერვლის დოკუმენტის მიხედვით, 26.4 მლნ ლარი 11 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება და ყველაზე მეტ თანხას ამ დროისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მიიღებს. მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი ასეთია:
ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტი - ₾1.5 მლნ;
ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტი - ₾125 ათასი;
გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - ₾7.9 მლნ;
დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ₾6.8 მლნ;
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი - ₾4 მლნ;
ვ) ცაგერის მუნიციპალიტეტი - ₾2 მლნ;
ზ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - ₾1.5 მლნ;
თ) ქუთაისის მუნიციპალიტეტი - ₾1.3 მლნ;
ი) საჩხერის მუნიციპალიტეტი - ₾560 ათასი;
კ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტი - ₾500 ათასი;
ლ) ხაშურის მუნიციპალიტეტი - ₾270 ათასი.
ამასთან, 29 იანვრის განკარგულების მიხედვით, სტიქიების შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი თანხებიდან, მორჩენილი ეკონომია სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე უნდა დახარჯონ.



























