ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით პროგრამის "სუბსიდირებული იპოთეკური სესხი" ფარგლებში, სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში" მიერ დადასტურებულ იქნა 7 067 იპოთეკური კრედიტი, ჯამური დადასტურებული მოცულობით 806 მლნ ლარი, - აღნიშნული ინფორმაცია BMG-ს ეკონომიკის სამინისტროდან მიაწოდეს.
იმავე პერიოდში ამ პროგრამის ფარგლებში სესხის პროცენტის თანადაფინანსებაზე გადარიცხული თანხის მოცულობა 12.3 მლნ ლარს აღემატება. ეკონომიკის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა ფორმით გაგრძელდება ეს პროგრამა 2023 წელს.
შეგახსენებთ: მთავრობამ 2021 წელს წინასაარჩევნოდ იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამა დაიწყო. გასული წლის 1 სექტემბრიდან დაბადებული ბავშვების მშობლებს ახალ იპოთეკურ სესხებზე სახელმწიფოსგან თანადაფინანსების სუბსიდიის მოთხოვნა შეუძლიათ. პროგრამა ახლადაბადებულ ბავშვებთან ერთად, მრავალშვილიანი ოჯახებისთვისაც (3+) ითვალისწინებს იპოთეკის სუბსიდირებას.
სუბსიდირების პირობებია:
პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან პირებს (3 ან მეტი შვილი) ან ახალდაბადებული შვილის (ბავშვები, რომლებიც 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე არიან დაბადებულნი) მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 5-წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება იპოთეკურ სესხებზე, როგორც ახალ, ასევე ძველ აშენებულ პროექტებში და სახლის აშენების მიზნით.
სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობაა 200 000 ლარი. თუ მსესხებელს ჰყავს 1 ან 2 შვილი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5 %-ს, არაუმეტეს 6%-ის ოდენობით. თუ მსესხებელს ჰყავს 3 ან მეტი შვილი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5 %, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით.




























