მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ ანაკლიის პორტის განხორციელების ახალი ეტაპები დაამტკიცა

631f2137c0b57
მარიამ ვარადაშვილი
12.09.22 16:20
4337
დღეს მთავრობამ „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ“ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ეტაპები დაამტკიცა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა ანაკლიის პორტზე ინტერესთა გამოხატვა ამ ახალი წესით გამოცხადდება.

“დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ეტაპები განისაზღვრა. ამ საკითხზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდით. ეს კანონმდებლობა რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს, მათ შორისაა პროექტის იდენტიფიცირება, შემდგომში ინიცირება, მომზადება, კერძო პარტნიორის შერჩევა და პროექტის განხორციელების შეფასება. იცით, რომ ანაკლიის პროექტი ამ პროექტის ამოქმედებამდე იყო ინიცირებული და 2014 წელს გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა ინვესტორის შერჩევაზე. უკვე ახალი კანონის შესაბამისად უნდა მოვახდინოთ პროცედურების გავლა. იდეინტიფიცირებისა და ინიცირების ეტაპები გავლილია და პროცესის დაჩქარება შეგვიძლია. ანუ შეგვიძლია კერძო პარტნიორების შერჩევის ეტაპიდან დაიწყოთ. ამისთვის საჭიროა შერჩევის პირობები მაღალ დონეზე იყოს მომზადებული”, - აცხადებს დავითაშვილი.

მისივე თქმით, მთავრობამ სამინისტროს შესაძლებლობა მისცა ამ პროცესში საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფები დაიქირაოს. ეკონომიკის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ დიდი ინტერესია და მიმდინარე წელს მთავრობას აბუ-დაბიდან ინვესტორებთან ჰქონდა შეხვედრა. ამას გარდა, ასევე ჩანიშნულია შეხვედრა სპარსეთის ყურის ქვეყნების დელეგაციასთან.

2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. 2020 წლის 9 იანვარს კი საქართველოს მთავრობამ თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები