მთავრობა ანაკლიაში სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნაზე საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკების ადრეულ ეტაპზეა. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს BMG-ის კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
დავითაშვილის თქმით, ანაკლიაში პორტთან ერთად ეკონომიკური ზონის შექმნა საექსპორტო შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზებისთვის არის მნიშვნელოვანი.
"როცა ვსაუბრობთ პორტების განვითარებაზე, საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ სატრანზიტო ოპერაციებს. ალბათ, მომავალში, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საექსპორტო შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზებისთვის იყოს მიმართული ეს ინფრასტრუქტურა. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა გვექნება, ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შევქმნათ დამატებითი საწარმოო კლასტერი, მათ შორის სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც იდეაში რეალიზებადია. რამდენიმე წლის განმავლობაში, პორტის განვითარების პარალელურად, ჩვენ ვესაუბრებოდით პოტენციურ ოპერატორებს, წარმატებულ საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც ასეთი ტიპის სამრეწველო ზონებს ოპერირებენ მსოფლიოში. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალი პარტნიორი გვყავდეს იმისთვის, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო წარმატებული იყოს.
რა თქმა უნდა, შეიძლება ჩვენც განვახორციელოთ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, საწყის ეტაპზე ასეც დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას, შეიძლება ადგილობრივი ინვესტორებიც გვყავდეს, თუმცა ჩვენი ამოცანაა, მოვიზიდოთ ისეთი პროფესიონალი ოპერატორი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს და ის თავის მხრივ შეძლებს, რომ ზონაში საინტერესო ინვესტორები მოიზიდოს. ასეთ კომპანიებთან წინასწარი მოლაპარაკებები, დიალოგი უკვე არსებობს, მათ შორის, წარმატებული მაგალითებია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რამდენიმე ასეთი წარმატებული ზონა არსებობს. კონკრეტულ კომპანიებს არ ჩამოვთვლი, რადგან ცოტა ადრეული ეტაპია, მაგრამ ეს ჩვენი ხედვის ნაწილია",- თქვა დავითაშვილმა.
როდის დაიწყება ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობა? - მინისტრის განმარტება