მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ 500,000 ლარი გამოყო - კობახიძის განკარგულება

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს მთავრობამ ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 500,000 ლარი გამოყო. განკარგულების თანახმად, 500,000 ლარის დაფინანსება საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს გამოეყოფა. დაფინანსების გამოყოფა დაკავშირებულია ევროკომისიის მიერ გაცემულ 9 დათქმასთან, რომლითაც EU-მ საქართველოს ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 19 წლის წინ შეიქმნა და მის მიზანს საზოგადოებაში NATO-სა და დასავლური ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლება და რუსული დეზინფორმაციის შეკავება წარმოადგენდა.

თუმცა, როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის შეფასებით, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღება საქართველოს დასავლეთისგან დააშორებს, ხოლო ანტიდასავლურ რიტორიკას ამჟამად თავად საქართველოს მთავრობა იყენებს.

“ეს კანონი და ქართული ოცნების ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის საფუძველშია და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას,”- ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 2 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს თბილისში გამართულ აქციაზე განაცხადა ის, რომ დასავლეთის მხრიდან სამოქალაქო სექტორის დაფინანსება "აგენტურის გამაგრებას" წარმოადგენს.

"ენჯეოების დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში გვითვლიან, სინამდვილეში, თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება. შესაბამისად, ამ თანხებს არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან და პირიქით, ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს,"- განაცხადა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები