საქართველოს მთავრობამ არმატურის იმპორტზე დაწესებული გადასახადი კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა. ირაკლი კობახიძის 27 თებერვალს ხელმოწერილი დადგენილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე იქნება ძალაში.
უნდა აღინიშნოს, რომ არმატურის იმპორტის დაბეგვრა 2025 წლის 25 იანვრიდან დაიწყო და თავდაპირველად, ძალაში 2025 წლის 1 სექტემბრამდე იყო. საიმპორტო გადასახადი 1 ტონაზე 420 ლარით განისაზღვრა. თუმცა გასული წლის 27 აგვისტოს გამოიცა დადგენილება, რომელმაც ეს ვადა 2026 წლის პირველ მარტამდე გაახანგრძლივა. 27 თებერვლით დათარიღებული დადგენილებით კი ბაჟის მოქმედება მეორედ გახანგრლივდა.
მთავრობის ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისთვის იყო მიღებული. სტატისტიკის მიხედვით, საიმპორტო გადასახადის დაწესებამ გავლენა იქონია, როგორც იმპორტის მოცულობებზე, ასევე მომწოდებელი ქვეყნების გეოგრაფიაზეც. თუმცა დარგის წარმომადგენლების შეფასებით, საქართველოში არმატურის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციაა.
საიმპორტო გადასახადის დაწესების შემდეგ, 2025 წელს არმატურის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის განმავლობაში საქართველომ 126 მილიონ 215 ათასი დოლარის ღირებულების 223 145 ტონა არმატურა შეიძინა. 2024 წელს რეკორდული იმპორტის მაჩვენებელთან შედარებით, კლება 40%-ია.




























