მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის განახლებული საკოორდინაციო საბჭო დაამტკიცა

თამარ იოსელიანი

"ქართული ოცნების" მთავრობამ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საკოორდინაციო საბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ახალ საბჭოში ეკონომიკის მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე გურამ გურამიშვილი თამარ იოსელიანმა ჩაანაცვლა.

საკოორდინაციო საბჭოს მიზანს აზერბაიჯანისა და თურქეთის სახელმწიფოებთან ერთად რკინიგზის პროექტის განვითარების კოორდინაცია და საქართველოს მხრიდან ხელშეწყობა წარმოადგენს.

„მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლისა და საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქოთბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრის (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმების მე-6 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მხრიდან საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

  • მარიამ ქვრივიშვილი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე;
  • თამარ იოსელიანი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიწისტრის მოადგილე;
  • ალექსანდრე ხვთისიაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მიწისტრის მოადგილე;
  • ბექა ძამაშვილი – საქართველოს იუსტიციის მიწისტრის მოადგილე;
  • გიორგი კაკაურიძე – საქართველოს ფინანსთა მიწისტრის პირველი მოადგილე;
  • ერეკლე კეჟერაშვილი – სსიპ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი;
  • ლაშა აბაშიძე - საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.;

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის ტექნიკური დიზაინი წლიურად 5 მილიონი ტონა ტვირთის გატარებას გულისხმობს. პროექტის საქართველოს მონაკვეთი საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სესხით, აზერბაიჯანულმა სამშენებლო კონტრაქტორებმა ააშენეს, რომლის ჯამური სასესხო დაფინანსება 775 მილიონ დოლარს შეადგენდა.

2024 წელს მარაბდა-კარწახის რკინიგზამ 167 მილიონი ლარით იზარალა, ამის შესახებ კომპანიის ფინანსური ანგარიშგებიდან ხდება ცნობილი. ეს 2023 წელს დაფიქსირებულ 29-მილიონიან ზარალზე თითქმის ექვსჯერ მეტია. ამასთან კომპანიას უკვე აქვს წლების განმავლობაში დაგროვილი 1 მილიარდი ლარის საოპერაციო ზარალი.

ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2024 წელს ზარალის მთავარი მიზეზი კურსთაშორისი სხვაობის ეფექტი გახდა, რამაც ლარებში კომპანიის ვალი 121 მილიონი ლარით გაზარდა. კურსთაშორისი სხვაობის ზარალის გარდა, კომპანიას ასევე 26 მილიონი ლარის საოპერაციო ზარალი და 17 მილიონის ფინანსური ხარჯები გააჩნდა.

მარაბდა-კარწახის რკინიგზის კომპანია "ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისთვის დაფუძნდა.

დაახლოებით ორი წლის წინ, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს ნაწილის გაფართოებისთვის 100 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდებოდა. სამუშაოები 1,5 წელიწადში უნდა დასრულებულიყო, თუმცა აღნიშნული მიმართულებით ახალი $100-მილიონიანი ინვესტიციები არ განხორციელებულა.

აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე პროექტით საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია მოხდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები