ეკონომიკის სამინისტრომ თურქეთთან დამაკავშირებელი ბათუმი-სარფის მაგისტრალის მშენებლობისთვის მიწების ექსპროპრიაცია გამოაცხადა. ექსპროპრიაციის შესახებ მინისტრის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და ის ძირითადად ხელვაჩაურის და ბათუმის მუნიციპალიტეტში მიწების გამოსყიდვას ითვალისწინებს.
მთავრობა გეგმავს 144 კვადრატული მეტრის; 383 კვადრატული მეტრის და 1 546 კვადრატული მეტრის იძულების წესით გამოსყიდვას.
პროექტზე სამშენებლო ტენდერი 2026 წლის 10 თებერვალს დასრულდა და მასზე ამჟამად შეფასების პროცესი მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძის განცხადებით, ტენდერში მონაწილეობით არაერთი საერთაშორისო კომპანია იყო დაინტერესებული.
საქართველოს მთავრობამ ბათუმი-სარფის მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით აზიის განვითარების ბანკთან 306.6 მილიონი ევროს საკრედიტო შეთანხმება 2025 წლის ოქტომბერში გააფორმა, რის შემდეგაც საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.
პროექტის მიხედვით, საქართველო თურქეთს ახალი მაგისტრალით დაუკავშირდება. ზღვის სანაპიროს მომიჯნავედ არსებული გზა ჩანაცვლდება ახალი ასფალტ ბეტონის გზით, რომელიც მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდით ბათუმის შემოვლით გზას დაუკავშირდება. ახალი მაგისტრალის მთავარი მონაკვეთი იქნება 7.6-კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც დასახლებულ პუნქტებს გვერდს აუქცევს.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ ფინანსდება. გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ზედამხედველობის მომსახურების ვადა 48 თვეა.
11.3-კილომეტრიანი გზის პროექტი, რომელიც დასახლებულ პუნქტებს - გონიოს, კვარიათსა და სარფს გვერდს უვლის:

"საპროექტო გზის ჯამური სიგრძე შეადგენს 11,4 კმ-ს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: კვანძის, 3 სახიდე გადასასვლელის (მათ შორის 1.5-კილომეტრიანი ხიდის) და ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა, ასევე გზის ბოლო მონაკვეთზე, სოფ. სარფის ტერიტორიაზე არსებულ გზაზე, იგეგმება გაფართოებითი სამუშაოების განხორციელება.
საპროექტო გზის დერეფანი იწყება მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროდან კვანძის მოწყობით, შემდგომ გზა გრძელდება სახიდე გადასასვლელით, რომელიც მოეწყობა მდ. ჭოროხზე. ხიდის შემდეგ, სოფ. ჭარნალთან საპროექტო გზის დერეფანი გაგრძელდება 7,6 კმ სიგრძის გვირაბით, რომელიც გაივლის სოფ. ჭარნალისა და სოფ. ახალსოფლის ტერიტორიებზე. გვირაბის შემდეგ გზა გრძელდება სოფ. სარფის მიმართულებით და ხიდის მეშვეობით, სოფ. სარფის ტერიტორიაზე უერთდება არსებულ (საერთაშორისო მნიშვნელობის E70) საავტომობილო გზას, სადაც მოხდება გზის სავალი ნაწილის გაფართოება საქართველო-თურქეთის საზღვრამდე," - ნათქვამია პროექტის აღწერაში.




























