შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 96 მილიონი ლარია. ეს ხელახალ აუქციონს წარმოადგენს, რადგანაც პირველი ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 86 ათასი ლარი იყო, უშედეგოდ დასრულდა და მასში წინადადება არცერთმა კომპანიამ არ წარადგინა. განახლებული ტენდერი კი 10 მილიონით გაზრდილი ფასით გამოქვეყნდა.
"ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა ასფალტის საფარი, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ხიდებს, გზის სადრენაჟე მილებს, კიუვეტებს, აშენდება საყრდენი კედლები, მოინიშნება გზა და მოეწყობა უსაფრთხოების ბარიერები.
ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ფონა - ჩუმათელეთის 50 კმ-იანი გზის პირველ, 25 კმ-იან მონაკვეთზე შესრულებულია ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ვინაიდან სამშენებლო კომპანიამ ვერ შეძლო გზის მეორე მონაკვეთის დასრულება, მასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა და გზის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციის მიზნით, გამოცხადდა ხელახალი ტენდერი.
ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, გზის მოვლა-შენახვის სამუშაოები ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტით.
გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება,"- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, აღნიშნულ მონაკვეთზე წარსულში აზერბაიჯანული კომპანია "აკკორდი" მუშაობდა, რომელსაც პროექტი 2021 წლის ბოლომდე უნდა დაესრულებინა, თუმცა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც მასთან კონტრაქტი შეწყდა. გზის პირველი ლოტი კი ქართულმა კომპანია "ბლექ სი გრუპმა" ააშენა, რაზეც 105 მილიონი ლარი დაიხარჯა.