მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის შემოვლითი გზის ₾490-მილიონიან ტენდერში ყველა კომპანიამ მოთხოვნილზე მაღალი ფასი წარადგინა

გვირაბი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეორე ლოტის - წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში მონაწილე ყველა კომპანიამ წარუდგინა ფასი, რომელიც სატენდერო ფასზე მაღალია. მის ფარგლებში გამარჯვებულმა კომპანიამ ორი პარალელური გვირაბი უნდა გაიყვანოს წიწამურიდან ავჭალის მიმართულებით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო ტენდერი 30 დეკემბერს გამოაცხადა და მისი სავარაუდო ღირებულება 490 მილიონ ლარს შეადგენდა, პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ხორციელდება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, ტენდერში მონაწილეობა სულ 10-მა კომპანიამ მიიღო და თითოეულმა მათგანმა სახელმწიფოს ამ გზის მშენებლობა უფრო ძვირად შესთავაზა, ვიდრე ამას სატენდერო ფასი ითვალისწინებდა. კერძოდ კი მინიმალური ფასი 519,690,240 ლარი China Railway Tunnel Group Co-მ დააფიქსირა, მაქსიმალური ფასად - 951,986,764 ლარად კი ამ პროექტის აშენება სახელმწიფოს თურქულმა კომპანიამ Yuksel Inshaat JSC Branch of Georgia-მ შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია მოხდება თუ არა ტენდერის ანულირება და უფრო გაზრდილი ფასით მისი ხელახლა გამოცხადება, თუ სახელმწიფო გამარჯვებულს სწორედ წარდგენილი წინადადებებიდან გამოავლენს.

წარდგენილი წინადადებები ასე ნაწილდება:

  • Yuksel Inshaat JSC Branch of Georgia: 951,986,764 ლარი
  • ÖZKAR İNŞAAT SANAYİ VE TİCARET A.Ş.: 770,193,292 ლარი
  • YDA İNŞAAT SANAYİ VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ: 699,522,623 ლარი
  • SINOHYDRO BUREAU 16 & SINOHYDRO BUREAU 14: 665,020,060 ლარი
  • Longjian Road and Bridge Co., Ltd.: 640,415,648 ლარი
  • შპს კომპანია ბლექ სი გრუპი: 631,491,532 ლარი
  • Xinjiang Beixin Road & Bridge Group Co., Ltd.: 620,777,762 ლარი
  • Hunan Road & Bridge Construction Group Company Ltd.: 611,250,025 ლარი
  • Guizhou Highway Engineering Group Co.,Ltd.: 573,637,734 ლარი
  • China Railway Tunnel Group Co., LTD.: 519,690,240 ლარი

ტენდერში მონაწილე ერთადერთი ქართული კომპანია "ბლექ სი გრუპი" იყო, რომელმაც სახელმწიფოს ამ პროექტის მშენებლობა 631 მილიონ ლარად შესთავაზა.

თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეორე ლოტის შესახებ:

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 7.3-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი გზა, რომელიც მოიცავს 3.4 კმ სიგრძის ორ პარალელურ გვირაბს, ასევე ხიდებს, საგზაო კვანძებსა და სხვა ხელოვნურ ნაგებობებს.

"მონაკვეთი მოიცავს დაახლოებით 3.4 კმ-იან ორმაგ გვირაბს, რომელიც აკავშირებს წიწამურსა და ავჭალის დასახლებებს. ზაჰესის გავლით არსებული გზის განახლების შეუძლებლობის გამო, გვირაბი პირდაპირ შემოვლით გზას ქმნის აღმოსავლეთის მიმართულებით.

გვირაბი ორმაგი კამერითაა დაგეგმილი, სადაც მილებს შორის უზრუნველყოფილია კავშირი კომუნიკაციისა და უსაფრთხოებისათვის. მთელი სავალი ნაწილის სიგანეზე (მათ გარეშე, რაც მოიცავს ტროტუარებს) უზრუნველყოფილია 5.00 მ ვერტიკალური ჰაერის სივრცე. გვირაბში დიზაინის სიჩქარე შეზღუდულია 80 კმ/სთ-მდე (საქართველოში მოქმედი ზოგადი წესი). მაქსიმალური გრძივი დაქანება გვირაბში შეადგენს 1.1%-ს. წიწამურის პორტალის საწყისი ნიშნული ზღვის დონიდან არის 498.99 მ, ხოლო ავჭალის პორტალის – 479.10 მ. გვირაბის მაქსიმალური მიწის საფარი დაახლოებით 200 მ-ს შეადგენს.

სპეციალური ტომოგრაფიული ელექტრული კვლევა ჩატარდა გვირაბის მთელ სიგრძეზე ზედაპირიდან, რის შედეგადაც მიღებულია დეტალური და უწყვეტი ინფორმაცია მიწისქვეშა ფენების შესახებ.

პორტალები იდენტიფიცირებულია ახლომდებარე სოფლების სახელებით:

  • წიწამურის პორტალი
  • ავჭალის პორტალი

ორივე პორტალზე შესაძლებელი იქნება მოძრაობის გადართვა ერთი გვირაბიდან მეორეში ტექნიკური მომსახურების, სამუშაოების ან ავარიის შემთხვევაში,"- ნათქვამია პროექტის განმარტებით დოკუმენტაციაში.

წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიანი გზა დაუკავშირდება ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთს, რომელიც მეტწილად თბილისის ყოფილი შემოვლითი რკინიგზის მარშრუტს გამოიყენებს. გზის აღნიშნული მონაკვეთის სიგრძე 22.5 კილომეტრი იქნება და ის თბილისის შემოვლითი მაგისტრალის ყველაზე ძვირად ღირებული მონაკვეთი იქნება, რომელზეც ამჟამად 932 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი არის გამოცხადებული.

წიწამური-ავჭალის გზის მონაკვეთის გვირაბის შესასვლელის საპროექტო სქემა:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები