საქართველოს მთავრობამ, შპს "დეენკა პრომაიანინგს" მდინარე აჭარისწყალში ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა გაუზარდა.
საუბარია ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა მახუნცეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვიშა-ხრეშის მოპოვების მიზნით გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე. ცვლილების თანახმად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე, რომელიც 2024 წლის 22 ოქტომბრამდეა განსაზღვრული, კომპანიას ჯამში ოთხ უბანზე მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა 165 341 კუბურ მეტრამდე გაეზარდა.
„ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე (165 000 კუბური მეტრი) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს 236 739 ლარი, ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ ვადაში“, - აღნიშნულია მთავრობის 4 ივნისის განკარგულებაში.
აღსანიშნია, რომ შპს "დეენკა პრომაიანინგი" 2021 წელსაა დარეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ნარგიზა ჭავჭანიძეა. ჭავჭანიძე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, მიხეილ თიგიშვილის მეუღლეა. ჭავჭანიძის სახელზეა ასევე რეგისტრირებული შპს "გიზიც".