საქართველოს მთავრობამ კომპანია "იგლ ჰილს საქართველოს" თბილისის მიმდებარედ მიწები უზურფუქტით გადასცა - ამის შესახებ უძრავი ქონების რეესტრზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომლის თანახმადაც 38 ერთეული მიწის ნაკვეთი რომელთა ჯამური ფართობიც 6,257,139 კვადრატულ მეტრს შეადგენს, კომპანიას 2-წლიანი უზურფუქტის უფლებით გადაეცა.
მიწის ნაკვეთები მდებარეობს სოფლებში ყარაჯალარში, აღთაკლიაში, ფონიჭალასა და კრწანისში.
როგორც აქამდე იყო ცნობილი პროექტი, Tbilisi Waterfront-ის სახელით განხორციელდება და ის 590 ჰექტარზე განთავსდება (რაც 5.9 მლნ კვადრატული მეტრია), თუმცა უზურფუქტით გადაცემული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი 626 ჰექტარია.
აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანიამ ურბანული განვითარების პროექტი უნდა მოამზადოს და გრგ შესათანხმებლად და დასამტკიცებლად სახელმწიფო უწყებებს უნდა წარუდგინოს.
ამასთან, Eagle Hills-მა Tbilisi Waterfront-ის წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო. 2026 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 257 ბინა უკვე გაიყიდა. პროექტში უძრავი ქონების საწყისი ფასი კვადრატულ მეტრზე 2090 დოლარს შეადგენდა.
Eagle Hills-ის $6.6-მილიარდიანი პროექტი ასე ნაწილდება:
- თბილისი, კრწანისი — Tbilisi Waterfront (590 ჰექტარი):
კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიუმ სასტუმროები, მაღალი კლასის საცხოვრებლები, რესტორნები, ბარები და მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები. - გონიო — ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია (250 ჰექტარი):
პროექტი მოიცავს იახტ კლუბის, პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლებისა და კვების ობიექტების განვითარებას.
სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. მოლოდინია, რომ 2026 წელს საპროექტო სამუშაოები დასრულდება.
ჯერჯერობით გონიოს პროექტზე სახელმწიფოს მიერ ინვესტორისთვის მიწების უზურფუქტით გადაცემა და ბინების წინასწარი გაყიდვები არ დაწყებულა.
რა არის უზურფუქტი:
უძრავი ნივთის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში. პირი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, თუმცა მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არ აქვს ამ ნივთის გასხვისების, დაგირავების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება.
შესაბამისად, უზურფუქტის პირობით, Eagle Hills-ს ამ ქონების გასხვისების ან მისი საბანკო კრედიტისთვის დაგირავების უფლება არ აქვს.
საწყის ეტაპზე უზურფუქტის ვადიანობა 2 წელს შეადგენს. ის მომავალში შესაძლოა გახანგრძლივდეს ან შეიცვალოს მიწის სრულ საკუთრებაში გადაცემით.
კომპანიის აქციონერები:
"იგლ ჰილს საქართველო" 2025 წლის აპრილში, სახელმწიფოსთან გაფორმებული საინვესტიციო მემორანდუმის საფუძველზე დაფუძნდა. კომპანიაში სახელმწიფო 33.33%-ს ფლობს, 66.67%-ის მფლობელია იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არის რეგისტრირებული.
კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო 4 წევრისგან შედგება, მათ შორისაა კომპანიის დამფუძნებელი ბიზნესმენი მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი; მისი შვილი რაშიდ მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი; კომპანიის დირექტორი ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი, ხოლო საქართველოს მთავრობას, როგორც კომპანიის აქციონერს სამეთვალყურეო საბჭოში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი წარმოადგენს.
პროექტის საინვესტიციო მოცულობა 6.6 მილიარდი დოლარია, თუმცა საჯაროდ ცნობილი არაა როგორც ნაწილდება პროექტის ბიუჯეტი გონიოს და თბილისის პროექტებზე.
Tbilisi Waterfront-ის რენდერები


































