მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ევროპული გზიდან გადაუხვია - ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას არ გასცემს

არასამთავრობო ორგანიზაციები

ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ეწინააღმდეგება იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება - ამის შესახებ საუბარია გაფართოების შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებით საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადაუხვია და რომ ეს კანონი დე ფაქტო აჩერებს საქართველოს გაწევრიანების პროცესს. ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოში სამართლებრივი სისტემისა და საარჩევნო კანონმდებლობის ვენეციის კომისიის შესაბამისად დაუყოვნებლივი რეფორმირების აუცილებლობაზე. ასევე ხაზგასმულია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გაუქმების აუცილებლობა იმისთვის, რათა ქვეყანამ ევროპულ გზაზე დაბრუნება შეძლოს.

“საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერის ერთსულოვანი შეთანხმებით 2022 წლის 23 ივნისს. 2023 წლის დეკემბერში ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ შესაბამისი ცხრა დათქმა იქნებოდა გათვალისწინებული. ეს ცხრა დათქმა, პირველ რიგში, ეხება რეფორმებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში. 2023 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ მიიღო სამოქმედო გეგმა ცხრა აუცილებელი დათქმის განსახორციელებლად. 2024 წლის 26 მარტს მთავრობამ მიიღო 2024 წლის სამოქმედო გეგმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე. თუმცა პარლამენტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ხელახალი წარდგენა და 28 მაისს ამ კანონის მიღება არ ასახავს მთავრობის მიერ გაცხადებულ ვალდებულებას ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობის თაობაზე. ეს მოვლენები ევროპულმა საბჭომ 2024 წლის 27 ივნისს განიხილა. თავის დასკვნაში, ევროსაბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ წარმოადგენდა უკან დახევას კომისიის რეკომენდაციაში მითითებულ ნაბიჯებთან მიმართებით. 2024 წლის ივნისის დასკვნაზე დაყრდნობით, 2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ. აღნიშნა, რომ მთავრობა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ევროპულმა საბჭომ მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის მიმართულება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს”, - ნათქვამია დოკუმენტში.

ევროკომისია ვრცლად საუბრობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის გართულებულ გარემოზე, რაც გამოიხატებოდა როგორც რეპრესიული ხასიათის და EU-ს პრინციპებთან შეუთავსებელი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებაში, ასევე მუდმივი ნეგატიური რიტორიკის, დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების მუდმივად მზარდი ზემოქმედების ფაქტებში, რომლებიც მიმართული იყო კრიტიკულად განწყობილი და დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ.

ევროკომისიის დასკვნის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოხატულმა ნაკლოვანებებმა, რაც მდგომარეობს ამომრჩევლებისადმი ზეწოლაში, დაშინებაში, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევებმა, უარყოფითად იმოქმედეს საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე. ევროკომისია აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა მიუთითებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის საჭიროებაზე, რომელიც წარსულშიც იყო ხაზგასმული წინა საკვანძო რეკომენდაციებში.

ევროკომისია ასევე მიუთითებს საქართველოს დაბალ თანხვედრაზე ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებით. ევროკომისიის შეფასებით, საქართველო EU-ს საგარეო პოლიტიკასთან მხოლოდ 49%-ით არის თანხვედრაში.

ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლის გაზაფხულზე შეზღუდული საპარლამენტო დიალოგით იქნა მიღებული საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რაც არ შეესაბამებოდა არც ვენეციის კომისიის და არც OSCE/ODIHR-ის ერთობლივ მოსაზრებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები