საქართველოს მთავრობამ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა 1.2 მლნ-ით 9.4 მლნ ლარამდე გაზარდა და მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი 10-მდე გააფართოვა.
18 ივნისის განკარგულების მიხედვით, ცვლილება შევიდა 714-ე განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც ფინანსური რესურსი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა. მას საჩხერის, დუშეთის, ონის, ზუგდიდის, მესტიის, გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები მიიღებენ. ამ ჩამონათვალს 1299-ე განკარგულებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2 სოფელი დაემატა.
აღსანიშნია, რომ იმავე მიზნით 10 მუნიციპალიტეტზე 10 მლნ ლარი მთავრობამ მიმდინარე წლის 10 მარტსაც გამოყო.
გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი ამ მუნიციპალიტეტებში გამყოფ ხაზთან არსებულ სოფლებში მისასვლელი და საუბნო გზების, წყალმომარაგების ქსელის და წყლის სისტემების მოწყობაზე უნდა მიიმართოს.
ამასთან, ამ განკარგულებით გაიზარდა 100 000 ლარით გაიზარდა ონის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა, რაც სოფელ გლოლის ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე უნდა მიიმართოს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა კი 786 312 ლარი ფახულანის და მუჟავას კონკრეტული ქუჩების რეაბილიტაციისთვის უნდა გამოიყენოს.




























