დღეს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი, GIG-სთვის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი იყო, რომლის განხილვა ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, გადაიდო. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ვიცე-პრემიერს ახალი თიზ-ის დადგენილების შესახებ შესაბამისი კითხვა BM.GE-მ დაუსვა, რაზეც დავითაშვილმა უპასუხა, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა ქუთაისში მოიაზრებოდა.
„ეს საკითხი გადაიდო, ჩვენ დამატებით დეტალებს წარვადგენთ და ამის შემდეგ მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, პროექტის მიხედვით, ახალი სამრეწველო ზონის შექმნა მოიაზრებოდა, რომელიც ძირითადად სამშენებლო მასალების წარმოებასა და საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებას გულისხმობდა“, - აცხადებს დავითაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფუნქციონირებს: ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.