თითქმის 11 თვიანი პროცესის მიუხედავად, "ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" ინვესტორის მოძიება ვერ შეძლო, შესაბამისად, თბოსადგურ გარდაბანი 3-ის ტენდერი ჩაიშალა.
„ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ინფორმაციით, ტენდერში მონაწილე 2 პრეტენდენტის წარდგენილი წინადადებები ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებს არ შეესაბამებოდა. შედეგად, კორპორაციის მიერ გამოცხადებული წინადადებებზე მოწვევის პროცედურა შეწყდა.
გარდაბანში 350-430 მგვტ. სიმძლავრის ბუნებრივ გაზზე მომუშავე კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის პირობით, პროექტში წილის 100%-ის გასხვისების მიზნით, გამოცხადებული ტენდერი ჯერ კიდევ 2023 წლის 30 ივნისს გამოცხადდა. ტენდერის დასრულების ვადა რამდენჯერმე გადავადდა და საბოლოოდ, მიმდინარე წლის 29 თებერვალს დასრულდა.
იანვარში bm.ge-ს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უთხრა, რომ პოტენციურ ინვესტორებთან აქტიური დიალოგი ჰქონდათ.
" მათი მხრიდან ისმის საკითხი ვადებთან დაკავშირებით, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მაქსიმალურად კომფორტული და კონკურენტული გარემო შევქმნათ მათთვის. სხვა საკითხებიც თუ იქნება, ჩვენ ვიმსჯელებთ, რა არის გასათვალისწინებელი, რომ ინვესტიციები განხორციელდეს მაქსიმალურად ეფექტიანად. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ეს არის საკმაოდ ლოგიკური პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა დიალოგი, ამას ახლა ვერ გეტყვით", - განაცხადა მაშინ ლევან დავითაშვილმა.
გარდაბნის თბოსადგური 3-ის ასაშენებლად ტენდერი პირველად 2020 წელს გამოცხადდა. მაშინ 272-მეგავატიანი სადგურის მშენებლობისთვის საუკეთესო პრეტენდენტად თურქული “ჩალიკ ენერჯი” დასახელდა, რომელიც პროექტს $174.8 მილიონ დოლარად ააშენებდა. თუმცა, 2021 წლის გაზაფხულზე, კორპორაციამ განაცხადა, რომ “ჩალიკ ენერჯისთან" კონტრაქტი აღარ გაფორმდებოდა.
ამჟამად, „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გარდაბანში 2 კომბინირებული ციკლის თბოსადგურს ფლობს.