მთავრობამ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხომარეთში 6 897 კვ.მ.-ის მიწა კომპანია „ჯრუჭულა ენერჯის“ საკუთრებაში 49 წლით აღნაგობის უფლებით გადასცა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 1555-ე განკარგულებიდან ირკვევა.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანიისთვის 5 მიწის ნაკვეთის გადაცემაზე მთავრობამ თანხმობა ქონების ეროვნულ სააგენტოს მისცა.
კომპანიამ მიწის სარგებლობისთვის ყოველწლიურად 3 860 ლარი უნდა გადაიხადოს. ამასთან, 49-წლიანი საკუთრებაში გადაცემის პირობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში არაუმეტეს 0.5 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის აშენება და ექსპლუატაციაში მიღებაა, რისთვისაც კომპანიამ მინიმუმ 800 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.
ბიზნეს რეესტრის მიხედვით, "ჯრუჭულა ენერჯი" 2023 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი "ნიუ ვიჟენ ჰოლდინგია". დედა კომპანიის 50-50%-იან წილებს კი როსტომ და შმაგი შავაძეები ფლობენ. ორივე კომპანიაში დირექტორის პოზიციას როსტომ შავაძე იკავებს.




























