მთავრობამ კონდიციონერის ენერგოეტიკეტირების წესი დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება, საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.
ტექნიკური რეგლამენტი "ჰაერის კონდიციონერის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ" ადგენს ეტიკეტირების, პროდუქტის შესახებ სტანდარტული და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნებს ელექტრო ქსელში ჩართული ჰაერის კონდიციონერებისთვის, რომელთა ნომინალური სიმძლავრე გაგრილების ან იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს არ გააჩნია გაგრილების ფუნქცია, გათბობისთვის ≤12 კვტ-ის.
ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
I – მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი;
II – მიმწოდებლის მიერ მინიჭებული მოდელის იდენტიფიკატორი
III – ტექსტი “SEER” და “SCOP” გაგრილებისა და გათბობისთვის, ლურჯი ვენტილატორით და ჰაერის ტალღის მაჩვენებლის მითითებით SEER-ისთვის და წითელი ვენტილატორისა და ჰაერის ტალღის მაჩვენებლის მითითებით SCOP-ისთვის;
IV – ჰაერის კონდიციონერის ენერგოეფექტურობა; ისრის თავი, რომელიც შეიცავს კონკრეტული ჰაერის კონდიციონერის ენერგოეფექტურობის კლასს, განთავსდება იმავე სიმაღლეზე, რაზეც შესაბამისი ენერგოეფექტურობის კლასის ისრის თავი; ენერგოეფექტურობა უნდა მიეთითოს გათბობისა და გაგრილების რეჟიმისთვის. გათბობისთვის, საშუალო გათბობის სეზონზე ენერგოეფექტურობის მითითება სავალდებულოა. ენერგოეფექტურობის მითითება უფრო თბილი და უფრო ცივი სეზონისთვის არასავალდებულოა.
V – გაგრილების რეჟიმისთვის: ნომინალური დატვირთვა, კვტ-ში, დამრგვალებული მეათედამდე;
VI – გათბობის რეჟიმისთვის: ნომინალური დატვირთვა, კვტ-ში, დამრგვალებული მეათედამდე. გათბობის სეზონის იმ მნიშვნელობისთვის, რომლისთვისაც არ არის წარმოდგენილი ნომინალური დატვირთვა მიეთითება - „X”.
VII – გაგრილების რეჟიმისთვის: სეზონური ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი (SEER-ის მნიშვნელობა), დამრგვალებული მეათედამდე;
VIII – გათბობის რეჟიმისთვის: შესრულების სეზონური კოეფიციენტი (SCOP-ის მნიშვნელობა), დამრგვალებული მეათედამდე. გათბობის სეზონის იმ მნიშვნელობისთვის, რომლისთვისაც არ არის წარმოდგენილი SCOP მიეთითება - „X”.
IX – წლიური ენერგიის მოხმარება, კვტსთ-ში წელიწადში, გაგრილებისა და გათბობისთვის, რომელიც დამრგვალებულია უახლოეს მთელ რიცხვამდე. კლიმატური მახასიათებლის (პროფილის) იმ მნიშვნელობისთვის, რომლისთვისაც წლიური ენერგიის მოხმარება არ არის წარმოდგენილი, მიეთითება - „X”.
X – ხმის სიმძლავრის დონე შიდა და გარე ერთეულებისთვის, გამოხატული დეციბალში (dB) (A) re 1 pW, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე.