მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს დამატებით ₾790 003 გამოუყო, რაც ძირითადად ლენტეხში დაიხარჯება

სვანეთი

საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს დამატებით 790 003 ლარი გამოუყო, რაც ძირითადად ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაიხარჯება. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 3 ოქტომბრით არის დათარიღებული.

ამ განკარგულებით ცვლილება შევიდა 2024 წლის 19 აპრილის 550-ე განკარგულებაში. დოკუმენტებიდან ვიგებთ, რომ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან წლის დასაწყისში მუნიციპალიტეტებისთვის 14 209 997 ლარი იყო გამოყოფილი, რაც 22 მუნიციპალიტეტზე ნაწილდებოდა. 3 ოქტომბრის განკარგულებაში კი აღნიშნულია, რომ ეს თანხა 15 მლნ ლარამდე გაიზარდა. ანუ ფონდიდან დამატებით 790 003 ლარი გამოიყო. გამოყოფილი თანხებით 23 მუნიციპალიტეტში შიდა ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს, რაც რიგ შემთხვევაში სოფლის გზები, ან სკვერებია.

ბიუჯეტის ზრდის გათვალისწინებით პრემიერის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით 19 აპრილის 550-ე განკარგულებაში რამდენიმე მუნიციპალიტეტისთვის გაწერილი თანხები დაკორექტირდა

  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტისთვის გამოსაყოფი თანხა 1 008 579 ლარამდე შემცირდა. წლის დასაწყისში ამბროლაურში სოფლის გზების და ქალაქ ამბროლაურში სანიაღვრე არხების მოწყობისთვის 1 019 999 ლარი უნდა დახარჯულიყო;
  • ონის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 503 500 ლარიდან 467 644 ლარამდე შემცირდა. აქედან ონში ბეერ-შევას სახელობის სკვერის მოსაწყობად 377 869 ლარი უნდა დაიხარჯოს, სოფელ გლოლაში კი გორის ბოლოსთან არსებული მინერალური წყლის კეთილმოწყობაზე 89 775 ლარია გათვალისწინებული;
  • დმანისის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა მცირედით 215 000 ლარიდან, 285 020 ლარამდე გაიზარდა, რაც სრულად მუნიციპალიტეტის სოფელ მამიშლოში ხელოვნურსაფარიანი სტადიონის და სკვერის მოწყობაზე უნდა დაიხარჯოს.
  • ლენტეხის მუნიციპალიტეტი აპრილში გამოცემულ განკარგულებაში მუნიციპალიტეტების ჩამონათვალში არ ყოფილა. 3 ოქტომბრით დათარიღებულ დოკუმენტში კი დამატებულია და ფონდიდან დამატებით გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილიც სწორედ ლენტეხისთვისაა გათვალისწინებული. კონკრეტულად კი 767 759 ლარი სოფელ სადარში მდინარის ნაპირსამაგ სამუშაოებსა და ბეტონის გზის მოსაწყობად, ასევე სოფელ მამში ბეტონის გზისა და ხევზე გადასასვლელის მოწყობაზე, სოფელ ჩიხარეშში შიდა ბეტონის გზისა და სანიაღვრე არხის მოწყობაზე, სოფელ შკედში ბეტონის გზის მოწყობაზე, სოფელ ნაცულსა და მარგვიშში, სოფელ ხელედაში ბეტონის გზის მოწყობასა და სოფელ ჭველფში წყალსადენისა და სოფელ ხელედში ნარიშერლების უბანში წყალმიმღები, გამანაწილებელი ავზების და მაგისტრალების მოწყობის სამუშაოებზე დაიხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები