მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ მუნიციპალური განვითარების ფონდს თანხმობა მისცა შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა 210-ით განსაზღვროს

მუნიციპალური განვითარების ფონდი

მთავრობამ მუნიციპალური განვითარების ფონდს თანხმობა მისცა შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა 210-ით განსაზღვროს. ირაკლი კობახიძის ხელმოწერით შესაბამისი განკარგულება 31 დეკემბრით თარიღდება. საუბარია 2026 წლის განმავლობაში ფონდში არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის 195 ერთეულით და დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის 15 ერთეულით განსაზღვრაზე.

როგორც განკარგულებაში წერია, საქართველოს მუნიციპალურ ფონდზე არ გავრცელდება 2026 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი და "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები.

აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერების თანახმად, თუ საჯარო დაწესებულებაში 30 დღეზე მეტი ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხოვნობის 1%-ს აღემატება და 5 ერთეულზე მეტია, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა უნდა შეთანხმდეს საქართველოს მთავრობასთან.

აღსანიშნავია, რომ 31 დეკემბრის განკარგულების თანახმად, თითოეულ არასაშტატო ერთეულზე თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება არაუმეტეს 8000 ლარის ოდენობით, რაც ასევე კანონით გათვალისწინებული სარგოს გამოანგარიშების წესისგან განსხვავებული საგამონაკლისო წესია.

ცნობისთვის, 2026 წლის ბიუჯეტის თანახმად, მუნიციპალური განვითარების ფონდის შრომის ანაზღაურების მოცულობა 8,4 მლნ ლარია.

Bm.ge დაინტერესდა, რატომ დადგა მუნიციპალურ ფონდში 210 შტატგარეშე თანამშრომლის დასაქმების საჭიროება და შესაბამისი კითხვით ფონდს მიმართა. ფონდში გვითხრეს, რომ აღნიშნულ კითხვაზე პასუხს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მივიღებთ.

განახლება (16.01.2026): მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გვაცნობეს, რომ უწყებამ საქართველოს მთავრობას მიმართა შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე, რადგან მთავრობის დადგენილებების საფუძველზე შეიცვალა ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ახალი შენობების მშენებლობასა და სრული რეაბილიტაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები და აღნიშნული ცვლილებები განხორციელდა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ.

"კერძოდ, ამ მიმართულებით უფლებამოსილება ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა 2025 წლის 30 ივლისის №302 დადგენილებით, ხოლო შემდგომ — 2025 წლის 22 აგვისტოს №372 დადგენილებით — აღნიშნული ფუნქციის განხორციელება დაეკისრა სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდს.

შესაბამისად, ახალი უფლებამოსილების ფარგლებში გათვალისწინებული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებისთვის, საჭირო გახდა შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობის ხელახლა განსაზღვრა.

სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდში შტატგარეშე თანამშრომლების მიღება ხორციელდება განსახორციელებელი პროექტების საჭიროებების შესაბამისად და მხოლოდ დამტკიცებული კვოტის ფარგლებში.

დღეის მდგომარეობით, საშტატო ნუსხით განსაზღვრული 104 პოზიციიდან დასაქმებულია 72 თანამშრომელი, ხოლო შტატგარეშე თანამშრომლების დამტკიცებული რაოდენობა შეადგენს 210-ს, საიდანაც ამჟამად დასაქმებულია 152 თანამშრომელი", - გვაცნობეს ფონდიდან და ბოლო წლების მონაცემები მოგვაწოდეს:

ფონდში განგვიმარტეს, რომ არსებული ვაკანსიები წლის განმავლობაში ეტაპობრივად გამოცხადდება.

ცნობისთვის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 1997 წელს დაფუძნდა. ის არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორისაა: ქალაქების ურბანული განახლება, ტურისტული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ინფრასტრუქტურის მოწყობა, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია, სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები