მთავრობის განკარგულებებით, საერთაშორისო სტატუსი 2 კომპანიას მიენიჭა.
კერძოს, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით ამ სტატუსით ისარგებლებს 2025 წლის მაისში რეგისტრირებული კომპანია „ტექნოლოგიური სტანდარტი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი „კარიერის თავისუფალი ინსტიტუტია“. დედაკომპანიის წილებს კი ბესარიონ ბაჯელიძე [20%], აკაკი დუმბაძე [10%], კობა მჟავანაძე [5%], ლევან მჟავანაძე [15%] და აშშ-ს მოქალაქე იგორ ევდაკიმოვი [50%] ინაწილებენ.
მეორე კომპანია, რომელმაც სტატუსი მიიღო „ბიგ ქლიქია“, რომელიც 2022 წელს არის რეგისტრირებული და მისი მფლობელი საქართველო-აშშ-ს ორმაგი მოქალაქე ანა აგლაძეა.
საქართველოში საერთაშორისო კომპანიის სტატუსი 2020 წლის ბოლოდან არსებობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მას იღებენ ის კომპანიები, რომლებიც IT და საზღვაო სფეროში საქმიანობენ და საქართველოდან უცხოეთში აწვდიან IT სერვისს ან ახორციელებენ საზღვაო გადაზიდვებს. ამ სტატუსის კომპანიები სპეციალური საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%.
იმისათვის, რომ საქართველოს საწარმოს მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი:
• უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
• შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
• შეიძლება ჰყავდეს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი საწარმო/ები და ამ პარტნიორს/ებს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
























