მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ სახელმწიფო ქონების პირდაპირი გაყიდვის წესში ახალი პირობები დაამატა

ლაშა ხუციშვილი

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის 2026 წლის 9 თებერვლის დადგენილება, რომელიც სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის პირობებში ახალ გამონაკლიებს აწესებს.

დადგენილების პირველადი ვერსია მთავრობამ 2025 წლის 30 დეკემბერს მიიღო და ის ძალაში 2026 წლის 12 იანვრიდან შევიდა. ახალი წესების მიხედვით, მთავრობას შეუძლია სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით გაასხვისოს რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევაში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსხვილი ინვესტიციებია:

  • ქონების პირდაპირი მიყიდვა შესაძლებელია, თუ მყიდველი აიღებს ვალდებულებას, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე მინიმუმ 100 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს (დღგ-ს გარეშე).
  • თუ ბიზნესმენს უკვე აქვს საკუთარი ქონება, რომელშიც 100 მილიონი ლარი უკვე დააბანდა (რაც აუდიტით უნდა დადასტურდეს) და მას გვერდით მდებარე სახელმწიფო მიწა სჭირდება ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად, სახელმწიფოს შეუძლია ეს ქონება პირდაპირ მიჰყიდოს.

დადგენილების მიხედვით, გარდა მსხვილი ბიზნესისა, პრივატიზების ეს ფორმა გამოყენებული იქნება სოციალური მიზნებისთვისაც:

  • დევნილების და ეკომიგრანტების საცხოვრებელი: სახელმწიფო უწყების შუამდგომლობით, ქონება შეიძლება გადაეცეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებს ან სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად;
  • ინფრასტრუქტურული პროექტები: ენერგეტიკის, წყალმომარაგების, გზების ან საბაგიროების მშენებლობისთვის საჭირო ქონება ასევე შეიძლება პირდაპირი წესით გასხვისდეს;
  • დავების დასრულება: ქონების პირდაპირი მიყიდვა შესაძლებელი ხდება სასამართლო ან საარბიტრაჟო დავების მორიგებით დასასრულებლად.

დოკუმენტი ასევე განმარტავს სახელმწიფო ქონების გაცვლის (ე.წ. ბარტერის) წესს. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ შემდეგ შემთხვევაში:

  1. თუ გაცვლის საჭიროება გაწერილია დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი გეგმით.
  2. თუ არსებობს სახელმწიფო უწყების დასაბუთებული შუამდგომლობა, რომ გაცვლა აუცილებელია სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტისთვის.

ხოლო 9 თებერვლის დადგენილებით ჩამონათვალს დაემატა პუნქტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს ქონების გადაცემა სასამართლოს/არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის შეეძლება. ასევე იმ შემთხვევაში თუ ქონების გადაცემის შუამდგომლობით მთავრობას რომელიმე ადმინისტრაციული ორგანო მიმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები