მთავრობამ სამედიცინო ჰოლდინგს უფლება მისცა 2020 წელს Covid-19-ის მართვისთვის გამოყოფილი თანხიდან აუთვისებელი 3.7 მლნ ლარი გამოიყენოს.
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, ჰოლდინგმა აღნიშნული თანხა მის მართვაში/საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მიმდინარე საოპერაციო/ყოველდღიური ხარჯების უზრუნველსაყოფად და არსებული ვალდებულებების დასაფარად (მათ შორის, არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, თანხის კაპიტალში შეტანის გზით).
ამავე განკარგულებით სამედიცინო ჰოლდინგს და ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას, იგივე რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაევალათ მათ შორის გაფორმებული „თანხის გადარიცხვის შესახებ“ ხელშეკრულება ამ განკარგულებაში შესაბამისობაში მოიყვანონ.
განკარგულებიდან არ ჩანს კონკრეტულად რომელი სამედიცინო დაწესებულებებისთვის არის ეს თანხა განკუთვნილი.
ცნობისთვის, სახელმწიფომ ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი 2020 წელს სახელმწიფო კლინიკების მართვის მიზნით დააფუძნა და მართვაში რამდენიმე კლინიკა გადასცა. ჰოლდინგის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამჟამად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში კლინიკების მართვა ხელს უწყობს სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვას. ეს დაწესებულებებია:
- შპს „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“;
- რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო;
- შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“;
- სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“;
- სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“;
- შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“;
- შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი.
- შპს “ქ. ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო”.