მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ „საპარტნიორო ფონდთან“ დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა

63a991a0d18df
ვიქტორია მღებრიშვილი
26.12.22 16:28
671
საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეს მინისტრთა კაბინეტმა „საპარტნიორო ფონდთან“ დაკავშირებით საკანონმდელო ცვლილებების პროექტი დაამტკიცა, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნება.

„2023 წელს უკვე ახალი ფონდი ახალი სახელით გვექნება, რომელსაც „საქართველოს განვითარების ფონდი“ ეწოდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ.

მისი ინფორმაციით, კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც საბოლოოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ძირითადად სახელმწიფოს ბიუჯეტისგან ფონდის დამოუკიდებლობას გულისხმობს და იმ მიმართულებებს განსაზღვრავს, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო პროექტების დაფინანსება მოხდება. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები საბოლოოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. დავითაშვილი იმედოვნებს, რომ ამ საკითხს პარლამენტში 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზე განიხილავენ და დაამტკიცებენ.

„ფონდის ახალი სტრუქტურა საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად ჩამოყალიბდება. ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი ფონდი და არ უნდა იყოს ბიუჯეტზე დამოკიდებული ორგანიზაცია. აქ ცალსახაა, რომ ფისკალური ვალდებულებებისგან ჩვენ ვთავისუფლდებით. საპარტნიორო ფონდის საქმიანობიდან გამომდინარე ფისკალური რისკები არ უნდა იყოს. ის გამჭრიახი და სწორი საქმიანობის შედეგად მოახდენს თავისი კაპიტალის დაგროვებას, ზრდას და საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას და განხორციელებას. წინა კანონთან შედარებით აქაც პრიორიტეტები მკაფიოდაა განსაზღვრული. ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა, რომელიც ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული, ასევე ინოვაციური მიმართულებები და პროექტებია.

ფონდის დამოუკიდებლობას განახლებული მმართველობითი სტრუქტურა უზრუნველყოფს, რაც იმას გულისხმობს, რომ პოლიტიკური მონაწილეობისგან ფონდი დამოუკიდებელი იქნება. დღეს მინისტრები და მთავრობის წევრები სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან, ცვლილებების შედეგად კი ფონდს ეყოლება დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც საინვესტიციო პროექტებზე გადაწყვეტილებებს მიიღებს, რათა იყოს უფრო მეტი დამოუკიდებლობა და ბიზნესზე ორიენტირებულობა. ეს დამოუკიდებლობა ყველაზე მთავარი ცვლილებაა, რაც საკანონმდებლო ცვლილებებშია ასახული“, - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ფონდის შესახებ ბევრი საკითხი გამჭვირვალე იქნება.

„ეს იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც კონკრეტული მიმართულებებით, კონკრეტული პარამეტრებით თავის საინვესტიციო საქმიანობას განახორციელებს. ბევრი რამ ფონდის გარშემო იქნება გამჭვირვალე და კითხვები, რომელიც საქართველოში არსებობს მინიმუმამდე დავა“, - თქმა ვიცე-პრემიერმა.

ცნობისთვის: საპარტნიორო ფონდის რეფორმირებაზე მთავრობა 2018 წლიდან მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში მთავარი საკითხი დაფინანსების წყაროს განსაზღვრა იყო.

აღსანიშნია, რომ საპარტნიორო ფონდის აქტივები მისი უკანასკნელი ანგარიშგების თანახმად, 4.6 მილიარდი ლარი, ვალდებულებები კი 3.17 მილიარდი ლარი იყო. ამჟამად ფონდის საკუთრებაში ორი მსხვილი საწარმოა, ესენია "საქართველოს რკინიგზა" და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია". 2020 წელს ფონდის კონსოლიდირებული შემოსავალი 1.49 მილიარდი ლარი, ზარალი კი 195 მილიონი ლარი იყო. წარსულში ფონდის საკუთრებაში ასევე შედიოდა სახელმწიფო ელექტროსისტემა, ესკო და "თელასის" 25%-იანი წილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები