მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ საპატრიარქოს ქუთაისში, ხობში, ჩხოროწყუსა და მანგლისში მიწები ლარად გადასცა

საპატრიარქო

საქართველოს მთავრობამ ჩხოროწყუს, ქუთაისის, ხობის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში არსებული მიწის ნაკვეთები საპატრიარქოს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა. შესაბამის 4 განკარგულებას ირაკლი კობახიძემ 2 დეკემბერს მოაწერა ხელი.

დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სოფელ ჭოღაში მდებარე 3 125 მ² არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა.

ასევე სიმბოლურ ფასად პირდაპირი მიყიდვის ფორმით საპატრიარქოს, ქუთაისში ირაკლი აბაშიძის გამზირზე #27-ის მიმდებარედ არსებული 296 მ²-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მდებარე 12 183 მ²-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საპატრიარქომ ასევე 1 ლარად მიიღო მთავრობისგან. მთავრობის ამავე განკარგულებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეძლევა თანხმობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით უსასყიდლოდ უზუფრუქტის უფლებით გადასცეს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ამავე სოფელში მდებარე 3 877 მ² მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 3 შენობა-ნაგებობა.

კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც მთავრობამ ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის წესით 1 ლარად გადასცა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში ბლოკ 096-ის #003 ნაკვეთში მდებარეობს და მასზე 3 შენობა-ნაგებობაა განთავსებული და მისი ფართობი 3 194 მ²-ია.

თითოეული მიწის ნაკვეთისთვის სიმბოლური საპრივატიზაციო გადასახადი, განკარგულებების მიხედვით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურმა მართლმადიდებბელმა ეკლესიამ ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს, ხოლო ამ განკარგულებების შესრულება სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები