მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 60 მლნ-ზე მეტი დახარჯა, აქედან COVID-19-ზე მხოლოდ 13%

61361c8fb9d9b
BM.GE
06.09.21 18:16
810
არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ აქვეყნებს ანგარიშს. დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით, სარეზერვო ფონდიდან 62 მილიონი ლარი დაიხარჯა, საიდანაც უშუალოდ პანდემიურ ხარჯებზე მხოლოდ 13% იყო გამოყოფილი.

“2020 წელს და 2021 წლის საწყის 6 თვეში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში გამოიყო 67 მილიონი ლარი, საიდანაც დაიხარჯა 61 მილიონ ლარზე მეტი (61.8 მილიონი ლარი). მათ შორის, უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯულია მხოლოდ 13% - (7.9 მილიონი ლარი). მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყველაზე მეტი თანხა - 37% (22.7 მილიონი ლარი) - დაიხარჯა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეების წარმართვის პროცესებზე. 10% (6.5 მილიონი ლარი) დაიხარჯა არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად, 9% (5.6 მილიონი ლარი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ დახარჯა ლობისტური საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის. 23% (14.4 მილიონი ლარი) დაიხარჯა თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაში. დანარჩენი 7% (4.2 მილიონი ლარი) მოხმარდა სხვადასხვა მიზნებს, რომლებიც ნაკლებად კავშირშია პანდემიის გამოწვევებთან. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ ნახევარ მილიონ ლარამდე თანხას მინიჭებული აქვს გრიფით საიდუმლო,”- ნათქვამია ანგარიშში.



"მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯული 7.9 მილიონი ლარიდან, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გამოეყო 4 მილიონი ლარი. ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სამინისტრომ ამ თანხიდან ყველაზე დიდი - 2.8 მილიონი ლარის ოდენობის შესყიდვა განახორციელა შპს ეროიო პროდაქშენთან, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID ინფექციასთან დაკავშირებით სპეციალური ტანსაცმლის (კომბინიზონი, ნიღაბი, სათვალე გუგლის ტიპის BayMax S1551Q) შესყიდვის მიზნით. 271 ათასი ლარის შესყიდვა გაფორმდა შპს Made To Make-თან, ასევე სპეციალური დანიშნულების ტანსაცმლის (ბიო-ქიმიური კომბინიზონები, მიკროფოროვანი, მაღალყელიანი ბახილი) შესასყიდად.

145 ათასი ლარი მოხმარდა COVID ინფექციასთან დაკავშირებით ხელის სადეზინფექციო ხსნარის შესყიდვას შპს ფარმასთან განხორციელებული შესყიდვის საფუძველზე, ხოლო 105 ათასი ლარი გადაირიცხა შპს GEONET EXPO-სთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებით ვიზიტორის ხალათების შესყიდვის მიზნით. 96.6 ათასი ლარი გადაერიცხა შპს გრინ სისტემსს - COVID ინფექციასთან დაკავშირებით ცხელი ხაზისთვის CISCO საკონტაქტო ცენტრის სისტემის (მრავალწლიანი) ლიცენზიის და სატელეფონო საუბრების ჩაწერის სისტემის ერთწლიანი ლიცენზიის შესყიდვისთვის,"- ნათქვამია IDFI-ის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები