მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესები დაამტკიცა

წყლის სკუტერი

მთავრობამ შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესები დაამტკიცა. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 მარტის ბრძანება ადგენს წესებს, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედდება.

წესები შეეხება წყლის სატრანსპორტო საშუალებებს, მის მძღოლებს და იმ პირებს, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას/ნაოსნობას შიდა სახმელეთო წყლებში.

საუბარია ძრავის მქონე ან არათვითმავალ (მათ შორის, აფრიანი) წყლის ტრანსპორტზე, რომელიც გამოიყენება წყალზე გადაადგილების საშუალებად, კერძოდ, მგზავრების გადასაყვანად ან/და ტვირთების გადასაზიდად, სპორტული ღონისძიებებისთვის ან/და სხვა მიზნებისთვის. მათ რიცხვში შედის წყლის ველოსიპედები, წყლის სკუტერები და ა.შ, რომელთაც კომერციული მიზნით იყენებენ.

წესების თანახმად, ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვა დასაშვებია, თუ პირს აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის სერტიფიკატი. ხოლო 14 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს უფლება აქვს მართოს წყლის ველოსიპედი და სკუტერი მართვის სერტიფიკატის გარეშე.

კომერციული მიზნით გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა. ამასთან, სამაშველო ჟილეტების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფთა რაოდენობას, ბავშვები კი აღჭურვილი უნდა იყვნენ შესაბამისი ზომის სამაშველო ჟილეტებით.

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ 12 მეტრზე მეტი სიგრძის სატრანსპორტო საშუალებას უნდა გააჩნდეს ხმოვანი გამაფრთხილებელი მოწყობილობა – სასტვენი, რომელიც უზრუნველყოფს მოკლე და გრძელ ხმოვან სიგნალებს.

ამ წესით გათვალისწინებული ნორმების შესრულებაზე ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებს სააგენტოს შიდა სახმელეთო წყლების დეპარტამენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები