გამოქვეყნდა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების პირველი 6 თვის ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს გადასახადის გადამხდელებს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული “შტატგარეშე მოხელეების” ანაზღაურება 153 მილიონი ლარი დაუჯდა.
შედარებისთვის, ეს თანხა 2020 წლის 6 თვეში შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურებას 27.4 მილიონი ლარით ანუ 21%-ით აღემატება.
რაც შეეხება შტატიანი მოხელეების ანაზღაურებებს, მან 2021 წლის პირველ ნახევარში 802 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 59.4 მილიონი ლარით მეტია.
მთლიანობაში, 6 თვეში სახელმწიფო აპარატის შენახვა 955 მილიონი ლარი, ანუ წინა წელთან შედარებით 87 მილიონით უფრო ძვირი დაჯდა.
ბიუჯეტის სტატისტიკაში არ არის წარმოდგენილი, თუ რამდენი ადამიანი არის საჯარო სექტორში შტატგარეშე მოსამსახურედ გაფორმებული.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად - "შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად".
ქართულ კანონმდებლობაში არ არის განსაზღვრული მკაფიო ლიმიტი, თუ რამდენი ხანი შეიძლება მოხელეს შტატგარეშეს სტატუსი ჰქონდეს. ასევე შტატგარეშე მოხელეებზე არ ვრცელდება იგივე საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რაც ჩვეულებრივ საჯარო სამსახურში დასაქმებულებისთვის არის განსაზღვრული. საკვალიფიკაციო მოთხოვნების ფაქტობრივად არარსებობასთან ერთად არ არის განსაზღვრული რეგულაციებიც, თუ რა უნდა იყოს შტატგარეშე მოხელის ანაზღაურება.




























