მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ სპირტი ვერ გაყიდა - 38 მლნ ლარის აუქციონები ჩაიშალა

60ab9b2786b36
შოთა ტყეშელაშვილი
24.05.21 16:31
4688
საქართველოს მთავრობას მის საკუთრებაში არსებული ათასობით ტონა სპირტის გაყიდვა უჭირს - ამის შესახებ BMG-ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა. მთავრობას ათასობით ტონა სპირტი რთველის სუბსიდირების პროგრამის გამო დაუგროვდა, ამასთან 2020 წელს სახელმწიფომ სუბსიდირების გზით უპრეცედენტო მოცულობის - 104 მილიონი ლარის ყურძენი ჩაიბარა.

უშედეგო აუქციონები:

დღეს უშედეგოდ დასრულდა აუქციონების დიდი ნაწილი, რომლითაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 38 მილიონი ლარის სპირტი იყიდებოდა. ამ სპირტის საერთო მოცულობა 5 300 000 ლიტრს შეადგენდა.

მთლიანობაში გამოცხადებული იყო 54 აუქციონი, რომელთა მეშვეობითაც 43.3 მილიონი ლარის ღირებულების 6,000,000 ლიტრი სპირტი იყიდებოდა. მათგან დადებითი შედეგით მხოლოდ 9 აუქციონი დასრულდა, რის შედეგადაც 700,000 ლიტრი საკონიაკე სპირტი 5.1 მილიონ ლარად გაიყიდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წელს სპირტის და ღვინო-მასალის რეალიზებისთვის 100-ზე მეტი აუქციონი გაიმართა, მათგან მხოლოდ 22.4 მილიონი ლარის ღირებულების, 1,976,000 ლიტრი სპირტი გაიყიდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პასუხი:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა BMG-ის განუცხადა, რომ უშედეგოდ დასრულებული აუქციონების შემდეგ სახელმწიფოს ეს ქონება გასაყიდად ფასდაკლებით გამოაქვს. აუქციონის ხელახალი ჩაშლის შემთხვევაში კი სპირტს ფასი კიდევ ერთხელ აკლდება.

“თქვენ იცით, რომ ჩაბარებული ყურძნიდან ძირითადად ხდება საბრენდე სპირტის წარმოება. მისი რეალიზება ხდება აუქციონის მეშვეობით, რამდენიმე აუქციონი ჩატარდა ამისთვის და იმ ფასად, რა ფასიც იყო თვითღირებულება, ვერ მოხდა მისი რეალიზაცია. სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში ასეთი პრაქტიკა არსებობს, რომ ხდება გარკვეული ფასდაკლება და შესაბამისად, ხდება აუქციონების განმეორება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახდენთ ამ მარაგების რეალიზაციას რადგან ფიზიკურად მარაგები არის სავსე. მარაგის ზუსტი მოცულობის შესახებ ვერ მოგახსენებთ, აბსოლუტურ ალკოჰოლში ეს შეიძლება იყოს 6,000 ტონა სპირტი,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რატომ უგროვდება მთავრობას ათასობით ტონა გაუყიდავი სპირტი?

ამის მიზეზს რთველის სუბსიდირების არსებული მოდელი წარმოადგენს. სუბსიდირების პირობების თანახმად, მთავრობა მის საკუთრებაში არსებულ ღვინის ქარხნებს ("აკურას" და "მოსავლის მართვის კომპანიას") ყურძნის შესყიდვას ავალებს და პროცესს სახელმწიფო სუბსიდიით აფინანსებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის ქარხნები შემდგომ ამ ყურძენს გადაამუშავებენ და მისგან სპირტს და ღვინო-მასალას აწარმოებენ, რაც შემდგომში აუქციონების გზით იყიდება და მას საკუთარ პროდუქციაში ღვინის და კონიაკის კერძო მწარმოებლები იყენებენ. მთავრობის განცხადებით სუბსიდიის არსებული მოდელი საჭიროა, რათა ბაზარზე "ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს".

მთლიანობაში 2020 წლის რთველის პროცესში სახელმწიფომ ინდუსტრიულად ჩაბარებული ყურძნის ⅓ შეისყიდა, ეს კი ნიშნავს, რომ მევენახეთა ერთ მესამედზე მეტმა საკუთარი მოსავალი საბიუჯეტო ორგანიზაციას მიყიდა.

2017 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას ამ მოდელით ახდენს. როგორც 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, არსებული მდგომარეობით, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულმა ღვინის ქარხნებმა 104 მილიონი ლარის ყურძენი ჩაიბარეს. შედარებისთვის, 2019 წელს შესყიდული ყურძნის ღირებულება 80 მილიონი ლარი, 2018 და 2017 წლის სუბსიდია კი 40 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, სუბსიდირების ზრდასთან ერთად ბაზარზე სახელმწიფო ჩარევაც მზარდია. პარალელურად კი სახელმწიფოს მარაგებში სუბსიდიის შედეგად შესყიდული და გადამუშავებული სპირტის მარაგები იზრდება, კერძო სექტორი კი ამ სპირტის შესყიდვისთვის ჯერჯერობით დიდ ინტერესს არ გამოხატავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები