მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ StopCov ფონდის 90% ჯანდაცვის ნაცვლად, ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარებების გაცემაზე დახარჯა

601fc6d64eb36
BM.GE
07.02.21 14:29
4507
StopCov ფონდი 2020 წლის მარტში შეიქმნა და მის გაცხადებულ მიზანს კორონავირუსის წინააღმდეგ ადგილობრივი რესურსების მობილიზება წარმოადგენდა. 2020 წლის 23 მარტს, ფონდის პრეზენტაციისას ითქვა, რომ მისი მეშვეობით შეგროვებული რესურსები "ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართებოდა". თუმცა, როგორც ირკვევა მთავრობამ ფონდში არსებული თანხები ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე აითვისა. 

StopCov ფონდში ყოველი მილიონის ჩარიცხვაზე მთავრობის მხრიდან ვრცელდებოდა რელიზები და პასუხისმგებლიანი ბიზნესების სიაც შეიქმნა. ჯამურად, ფონდის მეშვეობით 138 მილიონ ლარზე მეტის მობილიზება მოხერხდა, საიდანაც 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილის "ფონდ ქართუს" დონაციას წარმოადგენდა. 

თუმცა, თანხების შეგროვებისგან განსხვავებით, მათი ხარჯვის მიმართულებით მთავრობას ასეთივე აქტიური საინფორმაციო კამპანია არ უწარმოებია. 

გასული წლის ბიუჯეტის შესრულებიდან ირკვევა, რომ ფონდიდან სულ 132.9 მილიონი ლარი აითვისეს. "ინტერპრესნიუსის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ფონდში არსებული რესურსების ათვისება რეალურად მათი ჩარიცხვიდან 4 თვის შემდეგ, აგვისტოში დაიწყო. დაფინანსების მთავარი ნაწილი - 122.9 მილიონი ლარი მთავრობამ საპარლამენტო არჩევნებამდე დაანონსებულ პროექტში მიმართა, რაც არასრულწლოვნებისთვის 200-ლარიანი დახმარებების გაცემას გულისხმობდა. ამას გარდა, 3.6 მილიონი ლარი ჩაერიცხა 112-ის სამსახურს ქოლ ცენტრების სიმძლავრის გაძლიერებისთვის, 5.7 მილიონი ლარით კი განათლების სამინისტრომ სკოლების დეზინფექციის პროგრამა დააფინანსა.

რამდენი ადამიანის აცრას ეყოფოდა ეს სახსრები, მთავრობას რომ ის კორონავირუსის ვაქცინების შესაძენად გამოეყენებინა იხილეთ გადაცემა "ფორბსის კვირის" პროლოგში:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები