ქართველი სტუდენტებისთვის ბუდაპეშტის მიმართულებით ახალი სპეცრეისი შესრულდება. შესაბამისი გადაწყვეტილება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე უნდა მიიღონ.
როგორც სხდომის დაწყებამდე პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ბუდაპეშტის მიმართულებით მორიგი სპეცრეისი უახლოეს პერიოდში განხორციელდება.
„სასწავლო წელი იწყება არამხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთში. ბევრი ჩვენი მოქალაქე სხვადასხვა პროგრამით, თავიანთი ნიჭით სწავლობენ საზღვარგარეთ. ჩვენ უკვე ორი რეისი განვახორციელეთ გერმანიის მიმართულებით, ეს იყო 25 ივლისს და 11 აგვისტოს, თუმცა, მოთხოვნა შენარჩუნდა და დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ახალგაზრდობის სააგენტოს შესაბამის სამინისტროებთან ერთად მუშაობით დადგინდა ახალი მიმართულება, ეს გახლავთ ბუდაპეშტი, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში და რომელიც მისცემს ჩვენს სტუდენტებს საშუალებას, ევროპაში გადაფრინდნენ შეღავათიან ფასში და ეს არ იქნებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც ბუდაპეშტში სწავლობენ“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ბილეთის ღირებულება არ იქნება 199 ევროზე მეტი. ამასთან, გახარიას განცხადებით, მოთხოვნის შესაბამისად მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს.
შეგახსენებთ, აგვისტოს დასაწყისში საქართველოს მთავრობას 80-მდე ქართველმა სტუდენტმა მიმართა; ისინი აცხადებდნენ, რომ ისინი უნგრეთში სწავლობენ და იმისთვის, რომ სექტემბრის დასაწყისში ადგილზე იყვნენ, სჭირდებათ დახმარება. საუბარია, ავიაბილეთებზე “გონივრულ ფასად”.
გარდა ბუდაპეშტის მიმართულებისა, ათობით სტუდენტი ითხოვს ასევე მორიგი რეისის დანიშვნას გერმანიის მიმართულებითაც.