აშშ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10.4 მლნ დოლარის გრანტი გამოუყოფს. მიმდინარე წელს მიღებული კანონით ქვეყანაში გრანტის გაცემას მთავრობის ნებართვა სჭირდება. 22 დეკემბერს მიღებული დადგენილებით მთავრობამ ნებართვა გასცა თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ისგან გრანტი მიიღოს. დადგენილებაში წერია, რომ სამინისტრო გრანტის სახით კავშირგაბმულობის საშუალებებსა და სხვა სახის საქონელს მიიღებს.
„საგარეო დახმარების კოორდინაციისა და საქართველოს სამინისტროების მიერ "გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გრანტების (PB-B-WFK, DT-B-WAZ, PB-B-WFJ, DT-BWBC და DT-B-WBA) ფარგლებში საქონლის (საერთო ღირებულებით – 10,431,459.90 დოლარი) გადმოცემის შესახებ.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი გრანტებით განსაზღვრული კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სხვა სახის საქონლის მიღება", - წერია დადგენილებაში.




























