მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ თებერვალში “ბორჯომის” მფლობელს წყლით სარგებლობის ლიცენზია 25 წლით გაუხანგრძლივა

626bcb4a748e2
შოთა ტყეშელაშვილი
29.04.22 16:10
1563
2022 წლის 11 თებერვალს ეკონომიკის სამინისტროს მინერალური რესურსების სააგენტომ აიდიეს ბორჯომის მფლობელს IDS Borjomi Beverages Co-ს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში მდებარე ჭაბურღილებზე მინერალური წლის მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია მისცა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. რველის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა მტკნარი წყლის (სამეწარმეო დანიშნულებით) მოპოვება მოცულობა (სამივე ჭაბურღილზე ერთად) წელიწადში 365 000 მ​3-ის ოდენობით

შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი (IDS Borjomi Beverages Co. №.V.)"

25 წლის ვადით,”- ნათქვამია სააგენტოს გადაწყვეტილებაში.

ბორჯომის ფინანსურ ანგარიშში საუბარია სხვა ლიცენზიებზეც, რომელიც ამჟამად არის მოქმედი. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ ლიცენზიების შესყიდვაზე 20 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა. 

"2020 წლისა და 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, არამატერიალური აქტივები შეიცავს ბორჯომის მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიას ღირებულებით 11,310,000 აშშ დოლარი (2019 წ.: 10,742,000 აშშ დოლარი). ეს ლიცენზია შეძენილ იქნა 2009 წლის აპრილში და 2020 წელს და აქვს, შესაბამისად, 25-წლიანი და 15-წლიანი ვადა. 2020 წლის განმავლობაში ფილიალმა გაზარდა ბორჯომის ჭების დატვირთვა არსებული ლიცენზიის პირობებში, რაც 1,383,000 აშშ დოლარი დაჯდა,"- ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო სანქციების და რთული ეკონომიკური ვითარების გამო, IDS Borjomi წარმოებას დროებით აჩერებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეზღუდული აქვთ.

„გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.

კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.

იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა“, - ნათქვამია IDS ბორჯომის განცხადებაში.

რამდენი მილიონის შემოსავალი ჰქონდა კომპანიას სანქციებამდე:

“აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი" საკუთარ ფინანსურ ანგარიშგებებს საჯაროდ აქვეყნებს. Reportal-ისთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, კომპანიის შემოსავალმა 2020 წელს $119.7 მილიონი შეადგინა, ზარალი კი $64.3 მილიონი იყო. 2019 წელს კი კომპანიამ $140.17 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო მისი წმინდა მოგება $17.3 მილიონი იყო. თავად “აიდიეს ბორჯომი საქართველოს” ძირითად ბრენდებს “ბორჯომი”, “ლიკანი”, “ბაკურიანი” და “მიტარბი” წარმოადგენს.

კომპანიის 2020 წლის შემოსავალი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

რუსეთის ფედერაცია - $41.9 მილიონი;
უკრაინა - $18 მილიონი;
ლატვია, ესტონეთი და ლიეტუვა - $14.3 მილიონი;
ყაზახეთი - $13 მილიონი;
საქართველო - $11 მილიონი;
ბელარუსი - $6.4 მილიონი;
უზბეკეთი - $2.2 მილიონი;
აზერბაიჯანი - $1.3 მილიონი;
სხვა ქვეყნები - $11.2 მილიონი.

რატომ შეეხო ბორჯომს სანქციები:

2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი “ალფა ჯგუფი” ფლობს. ამ გარიგებამდე მინერალური წყლების კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი პატარკაციშვილების ოჯახი იყო, რომლებმაც ეს აქტივი $460 მილიონად გაასხვისეს. კომპანიის 40%-იან წილს კვლავ პატარკაციშვილების ოჯახი ფლობს.

დღეს თავად “ალფა ჯგუფის” დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.

IDS Borjomi International-ის აქტივებში შედის არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში მდებარე მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანიებიც. კომპანიის საკუთრებაშია წყლის ჩამომსხმელი საწარმოები უკრაინის ქალაქ მირგოროდსა და მორშინში, რომელიც მინერალურ წყალ Моршинськ-ს ასხამენ. კომპანია ასევე ფლობს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან მტკნარი წყლის ბრენდს Святой источник-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები