ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი სანდრო ურუშაძე მოქმედ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს აკრიტიკებს.
„სამწუხაროდ მთავრობამ, ვერ მოახერხა ეპიდემიის მართვა. დღეს ერთადერთი და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს, არის ის, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლოს ჯანდაცვის მინისტრი და ყველა მისი მოადგილე“ - ამის შესახებ BMG-ის ჯანდაცვის ექსპერტმა სანდრო ურუშაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" უნდა შემოგვთავაზოს ახალი გეგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა უფრო მეტ ადამიანს დაკარგავს ყოველდღიურად.
„მწვანე პასპორტი არ არის ცუდი, მაგრამ არაადეკვატური და არასაკმარისია იმ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენი სახელმწიფოა. ბოლო წელიწად-ნახევარში, 10 ათასზე მეტი ადამიანი დავკარგეთ, ანუ ეს ნიშნავს, რომ ადამიანებმა, ვისაც კოვიდის მართვის კუთხით, პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული, ვერ გაართვეს თავი. ეს არის უცოდინარობისა და არაკომპეტენტურობის შედეგი, როდესაც არ გვესმის კარგად თუ რამხელა საფრთხე ემუქრება ჩვენს ქვეყანას,“ - აღნიშნა სანდრო ურუშაძემ.
ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, საჭიროა ერთიანი გეგმისა და ხედვის არსებობა, თუ როგორ ვაპირებთ ეპიდემიის მართვას, ხოლო ერთი ღონისძიება შედეგს ვერ მოიტანს.
„ჩვენ იმდენად მძიმე სიტუაცია გვაქვს, თუნდაც სხვა ქვეყნებთან შედარებით და ასევე ინფიცირებულთა და ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობით, რომ ერთი ღონისძიება შედეგს ვერ მოიტანს. ჩვენდა სამწუხაროდ, ყოველდღიურად ათეულობით ადამიანს ვკარგავთ. ისინი კვდებიან რადგან ჩვენ არ გვაქვს ერთიანი გეგმა და ხედვა და ცალკე აღებული რომელიმე ღონისძიება, საკმარისი საინფორმაციო მხარდაჭერის, საგანმანათლებლო და ქცევაზე ორიენტირებული კამპანიების გარეშე შედეგს არ მოიტანს,“ - განაცხადა ურუშაძემ.
როგორც ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, ნებისმიერი გადაწყვეტილება, იქნება ეს რეგულაცია, თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიება შედეგის მომტანია, როდესაც საზოგადოება იაზრებს ამის აუცილებლობას, ანუ მთავარი არა გადაწყვეტილების მიღება, არამედ ადამიანების ცნობიერების ამაღლება და სწორი ინფორმაციის მიწოდებით მათთან თანამშრომლობაა.