მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა

თსუ

საქართველოს მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება.

ამის შესახებ განათლების სამინისტრო იტყობინება.

უწყების ცნობით, მოდელი, რომელიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა, ორ ძირითად კომპონენტს - საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას მოიცავს.

კერძოდ, საბაზო დაფინანსება გულისხმობს დაფინანსების განსაზღვრას აკადემიური პროგრამების განსხვავებული ღირებულების შესაბამისად, სწავლის სფეროებისა და უმაღლესი განათლების საფეხურების - ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მიხედვით. ამასთან, უნივერსიტეტების დაფინანსებისას გათვალისწინებული იქნება სტუდენტთა რაოდენობაც, რაც სასწავლო პროცესთან და სტუდენტების მომსახურებასთან დაკავშირებული საბაზო ხარჯების დაფარვას უზრუნველყოფს.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საბაზო დაფინანსებას ეტაპობრივად დაემატება შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტი, რომელიც სახელმწიფო დაკვეთის შესრულების შედეგებზე იქნება ორიენტირებული. ეს მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • განათლების ხარისხი და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  • კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების ხარისხის გაუმჯობესება;
  • ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
  • რეგიონული განვითარების ხელშეწყობა;
  • უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა.

განათლების სამინისტრო აღნიშნავს, რომ ის თითოეული უნივერსიტეტის სახელშეკრულებო დაფინანსების პირობებს მისიის, მიზნების, პროფილისა და რესურსების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

"შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტი თითოეულ სახელმწიფო უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ეროვნული მიზნების მიღწევაში და მუდმივად იყოს განათლების ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული.

ახალი მოდელი სახელმწიფო უნივერსიტეტებს ხელს შეუწყობს, განავითარონ რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამები, უზრუნველყონ სწავლების მაღალი ხარისხი და აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისთვის ღირსეული სამუშაო პირობებისა და კონკურენტუნარიანი ანაზღაურების უზრუნველყოფა.

უმაღლესი განათლების რეფორმის მთავარი მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდა. ახალი მოდელის დანერგვა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - სახელმწიფო დაფინანსება მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდისკენ, უნივერსიტეტების კვლევითი პოტენციალის გაძლიერებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობისკენ", - წერია განათლების სამინისტროს პრესრელიზში.

უწყება ასევე აცხადებს, რომ დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პირველი ეტაპისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 42 მილიონი ლარი გამოიყოფა და 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მილიონ ლარს მიაღწევს.

ცნობისთვის, დაფინანსების ახალ მოდელზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად რამდენიმე წელია მუშაობს. ახალი მოდელი სისტემაში არსებული საჭიროებების სიღრმისეული ანალიზის, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, პროექტის - „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი — საქართველო I2Q (WB)“ - ფარგლებში შემუშავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები