მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნისთვის საწვავის შენახვის წესში ცვლილება შეიტანა

ყულევის ტერმინალი

მთავრობამ თიზ-ებიდან საწვავის ექსპორტის წესებში ცვლილება შეიტანა. 2025 წლის 20 ოქტომბრის დადგენილებით განისაზღვრა, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონის მიერ წარმოეუბული გადამუშავებული ნავთობპროდუქტები და თავისუფალი ეკონომიკური ზონისთვის განკუთვნილი ნავთობპროდუქტები თიზ-ის გარეთ 6 თვის ვადით შეიძლება ინახებოდეს. ამასთან, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ეს წესი ეხება მხოლოდ ისეთ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას, რომლის წლიური წარმადობა 1 მილიონ ტონას აღემატება, ასეთი კი საქართველოში მხოლოდ ერთი ობიექტია - საუბარია ყულევში მშენებარე ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე.

"ნავთობის გადამუშავების ლიცენზიისა და წლიურად არანაკლებ 1 მილიონი ტონის გადამუშავების სიმძლავრის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ან/და საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული ნავთობის, ნედლი ნავთობის ან/და ნავთობპროდუქტების, შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული ნავთობის ან/და ნედლი ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული პროდუქტის, აგრეთვე შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შერევის (კომპაუნდირების) შედეგად მიღებული პროდუქტის 6 თვემდე ვადით შენახვა,"- ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

ცნობისთვის, ყულევის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო. ქარხანამ სრული ციკლის გადამმუშავებლის ფუნქცია უნდა შეასრულოს და დასრულების შემდეგ ევრო5-ის ბენზინი და დიზელი უნდა გამოუშვას.

პროექტს "ბლექ სი პეტროლიუმი" ახორციელებს და მისი ყველა ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია. პირველი ფაზის დასრულებისას ქარხანას წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეეძლება, მომავალში კი წარმადობა 4 მლნ ტონამდე გაიზრდება.

ქარხნის მშენებლობა კერძო კაპიტალის, სახელმწიფო ფონდის და ქართული ბანკების მიერ ფინანსდება - უფრო კონკრეტულად, საქართველოს განვითარების ფონდმა (ყოფილი საპარტნიორო ფონდი) მას 5 მილიონი დოლარის კრედიტი გამოუყო, ბანკებმა "ქართუმ", "ხალიკბანკმა" და "ბაზისბანკმა" კი ჯამში 45 მილიონი დოლარის კრედიტით დააფინანსეს პროექტის მშენებლობა.

ქარხნის დაფინანსებაში საკუთარი წვლილი სახელმწიფოს კუთვნილმა საინვესტიციო ფონდმა "საქართველოს განვითარების ფონდმაც" შეასრულა, რომელმაც კომერციულ ბანკებთან ერთად სინდიცირებული სესხი გამოუშვა. ფონდის თანამონაწილეობამ 5 მილიონი დოლარი, ხოლო კომერციული ბანკების - "ბანკი ქართუს", "ბაზისბანკისა" და "ხალიკბანკის" დაფინანსებამ კი 45 მილიონი დოლარი შეადგინა.

ყულევის ნავთოგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაყოფილია 6 ფაზად. პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება ქარხნის ძირითადი ინფრასტრუქტურა და გაეშვება ექსპლუატაციაში. პირველ ფაზაზე დაწყებული რამდენიმე ობიექტის მშენებლობა გაგრძელდება რამდენიმე ეტაპის განმავლობაში. შემდეგ ფაზებზე ეტაპობრივად დაემატება რკინიგზის მეორე ესტაკადა, რეზერვუარები და სხვა საწარმო ობიექტები.

სექტემბრის ბოლოს ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები