მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტენდერებში ფასის ინდექსაციის მექანიზმი ამოქმედდა - რა წერია დადგენილებაში

გზა მაგისტრალი მშენებლობა

საქართველოს მთავრობამ ინფრასტრუქტურული პროექტების სფეროში ფასების ინდექსაციის ახალი მექანიზმი დაამტკიცა.

აღნიშნული მექანიზმი სამშენებლო კომპანიებს პროექტების მიმდინარეობისას სამშენებლო მასალებისა და სხვა კომპონენტების გაძვირების ნაწილობრივ კომპენსირების შესაძლებლობას მისცემს.

შესაბამისი წესები 3 ივნისს მიღებული №245 დადგენილებით განისაზღვრა. აღნიშნული დაკავშირებულია გასულ კვირაში დაჩქარებული წესით მიღებულ კანონთან, რომელიც ტენდერში ფასის ინდექსაციის წესს განსაზღვრავს.

ახალი წესით, ფასების ინდექსაცია ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე ავტომატურად არ გავრცელდება. მექანიზმი შეეხება მხოლოდ იმ სახელმწიფო კონტრაქტებს, რომელთა შესრულების ვადა 12 თვეზე მეტია. ამასთან, ინდექსაციის გამოყენება მხოლოდ სამუშაოების დაწყებიდან პირველი 12 თვის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით, ფასების ცვლილების კომპენსაცია განხორციელდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების ინდექსის საფუძველზე. ინდექსაციისას ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება არ გადაითვლება – კორექტირება შეეხება შესრულებული სამუშაოების ღირებულების მხოლოდ 60%-ს, ხოლო დანარჩენი 40% უცვლელი დარჩება.

ახალი რეგულაცია ითვალისწინებს როგორც ფასების ზრდის, ისე შემცირების შემთხვევებს. თუ სამშენებლო მასალებისა და სხვა კომპონენტების ღირებულება გაიზრდება, კონტრაქტორს დამატებითი ანაზღაურების მიღების უფლება ექნება, ხოლო თუ ფასები შემცირდება, შესაბამისი კორექტირება ხელშეკრულების ღირებულების შემცირების მიმართულებითაც განხორციელდება.

ინდექსაციის საფუძველი იქნება საქსტატის სპეციალური დასკვნა, რომლის მისაღებადაც მიმწოდებელმა კომპანიამ სააგენტოს უნდა მიმართოს. სწორედ ეს დასკვნა დაადგენს კონკრეტულ პერიოდში შესრულებულ სამუშაოებზე რამდენი ლარით უნდა გაიზარდოს ან შემცირდეს გადასახდელი თანხა.

წესის თანახმად, ინდექსაცია არ გავრცელდება გამარტივებული შესყიდვის გზით გაფორმებულ კონტრაქტებზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, ასევე იმ სამუშაოებზე, რომლებიც კონტრაქტორის ბრალით დადგენილ ვადებზე გვიან სრულდება.

განსაკუთრებული, დროებითი რეჟიმი დაწესდა საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. 2027 წლის 1 იანვრამდე გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტებში ინდექსაცია ძირითადად ორი კომპონენტის – ბიტუმისა და დიზელის – ფასების ცვლილების მიხედვით განხორციელდება. ამ პერიოდში თითოეულ პროექტში წინასწარ განისაზღვრება, რა წილი უკავია ამ კომპონენტებს სახელშეკრულებო ღირებულებაში, რის საფუძველზეც მოხდება ფასების კორექტირება.

ასევე განსაზღვრულია, რომ ინდექსაციის შედეგად გაზრდილი თანხა არ გახდება დამატებითი ავანსის გაცემის საფუძველი და შემსყიდველი ვერ მოითხოვს საბანკო გარანტიის ოდენობის ზრდას მხოლოდ იმის გამო, რომ ხელშეკრულების ღირებულება ინდექსაციის შედეგად გაიზარდა.

მთავრობის შეფასებით, ახალი მექანიზმი შეამცირებს ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების რისკს, რომელიც ხშირად სამშენებლო მასალების მკვეთრი გაძვირებით იყო გამოწვეული, და სახელმწიფო ტენდერებში ფასების უფრო რეალისტურ განსაზღვრას შეუწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები