მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას ბაკურიანის გათოვლიანებას ორი კომპანია სთავაზობს - ერთი 138 მილიონად, მეორე 92 მილიონად

627ba54fddc00
შოთა ტყეშელაშვილი
11.05.22 16:00
4894
საქართველოს მთავრობა ბაკურიანში - კოხტა-მიტარბიზე, ასევე დიდველზე გათოვლიანების ახალი სისტემების მოწყობას გეგმავს. პროექტს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კომპანია MTA (მთის ტრასების სააგენტო) ახორციელებს, რომელმაც პოტენციური კონტრაქტორებისგან წინადადებები უკვე მიიღო. BMG-ის სახელმწიფო შპს-ში განუცხადეს, რომ ამჟამად პრეტედენტების დოკუმენტაციების შესწავლა მიმდინარეობს.

2023 წელს საქართველოში სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, რისთვისაც მთავრობა ბაკურიანში მრავალმილიონიან ინფრასტრუქტურას აშენებს.

MTA-მ ამ პროექტისთვის ბაზრის კვლევა მარტში დაიწყო და ამ კვლევაში მიწვეული იყვნენ წამყვანი ევროპული კომპანიები Technoalpin (ავსტრია); HDI - Leitner/Demaclenko Group (იტალია); MND Group (საფრანგეთი). ბაზრის კვლევის შედეგად, პროექტის სავარაუდო ღირებულებად 137,828,653 ლარი განისაზღვრა.

ფასთა კვლევის და სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის შემდეგ, MTA შემდეგ ეტაპზე გადავიდა და კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარსადგენად ვადა 29 აპრილამდე მისცა, თუმცა შემდეგ ვადა 5 მაისამდე გადაავადა. კომპანიებმა სახელმწიფოს საკუთარი წინადადებები დახურული კონვერტის სახით სწორედ 5 მაისს წარუდგინეს.

BMG-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, MND Group-მა უარი თქვა საკუთარი ფასის წარდგენაზე. შესაბამისად, 5 მაისს სახელმწიფოს სულ ორმა კომპანიამ წარუდგინა შეთავაზება:

● Technoalpin - ფასი 137,798,395 ლარი, რაც ბაზრის მოკვლევით მიღებულ ფასზე 30,258 ლარით ნაკლებია;
● Leitner/Demaclenko Group - ფასი 91,939,038 ლარი, რაც ბაზრის მოკვლევით მიღებულ ფასზე 45,880,616 ლარით ნაკლებია.

შესაბამისად, ერთი პრეტედენტი სახელმწიფოს ამ სერვისის მიწოდებას სავარაუდო ფასზე 46 მილიონი ლარით ნაკლებად სთავაზობს, მეორე კი თითქმის იმავე ფასად რაც ბაზრის მოკვლევაში იყო მითითებული. 

მთავრობის მიერ მომზადებული პირობების თანახმად, ამ შესყიდვაში მონაწილე კონტრაქტორს უნდა გააჩნდეს 2019 წლის იანვრიდან დღემდე ანალოგიური სირთულის მინიმუმ 550 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების შესრულების გამოცდილება. ამასთან, შესაბამისი პირობების მიხედვით, კომპანიას 2017 წლიდან მოყოლებული შესრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 გათოვლიანების სისტემის მონტაჟის სამუშაოები, ხოლო ბოლო 10 წლის მანძილზე ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული მსოფლიო თასის ან ზამთრის ოლიმპიური თამაშების ინფრასტრუქტურის მზადებაში მონაწილეობა მიღებული.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ გათოვლიანებისთვის, დიდველსა და მიტარბიზე ხელოვნურ ტბებს კომპანია "ანაგი" ააშენებს, რისთვისაც კომპანიასთან 81.6 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გამარტივებული წესით გაფორმდა.

MTA-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. როგორც bm.ge-ისთვის გახდა ცნობილი, ირაკლი ჭირაქაძემ კომპანიის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამ პოსტზე ის ირაკლი ბურჭულაძემ შეცვალა.

ირაკლი ბურჭულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო. ბოლო 6 თვე კი - მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოადგილე.

საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მთის კურორტების განვითარების კომპანიაშიც დაგვიდასტურეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები