პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რაჟდენ კუპრაშვილს მიმართა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. კობახიძის მოწოდების შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვეტილება შეცვალა.
TI-ის რეგიონული ოფისების მენეჯერი, ზვიად ქორიძე BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ აცხადებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და ეკა გიგაურის პოლიტიკურ სუბიექტებთან ცნობით და მოგვიანებით, ამ გადაწყვეტილებაზე უარის თქმით, მთავრობის არაკომპეტენტურობა გამოჩნდა.
მისი ინფორმაციით, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ არანაირი თავისუფალი ანტიკორუფციული ორგანო არ არსებობს.
„გამოჩნდა მთავრობის არაკომპეტენტურობა. ასევე გამოჩნდა ის, რომ არანაირი თავისუფალი ანტიკორუფციული ორგანო არ არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ვიცოდით, მაგრამ ფართო საზოგადოებამაც დაინახა. ამაზე საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ არ შეიძლება ანტიკორუფციული ბიურო მთავრობის დაქვემდებარებით არსებობდეს და ბიუროს ხელმძღვანელი, მთავრობის თავმჯდომარის წარდგენით იყოს. ის უნდა იყოს დამოუკიდებელი და თუ ვინმე არის გასაკონტროლებელი, პირველ რიგში მთავრობა და აღმასრულებელი ხელისუფლებაა. ესეც კარგად დაინახა საზოგადოებამ.
გარდა ამისა, საზოგადოებამ დაინახა, რომ [მთავრობას] ეს მექანიზმი და ზოგადად, ნებისმიერი საკანონმდებლო ჩანაწერი იმისთვის სჭირდება, რომ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს და ყველაფერს დაუპირისპირდეს, რამაც შეიძლება დემოკრატიის ხარისხი გაზარდოს. მათ შორის საარჩევნო პროცესში. ჩვენ სწორედ ამისთვის ვიბრძვით, რომ იყოს სამართლიანი, ინფორმირებული საარჩევნო გარემო. ეს არის ჩვენი და საზოგადოების მიზანი, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების მიზანიც ეს უნდა იყოს, რომ ქვეყანაში ასეთი საარჩევნო გარემო იყოს, რომ ყველამ შეძლოს ნების გამოხატვა. ერთადერთი, ვისაც ეს არ მოსწონს მთავრობა, ამ შემთხვევაში "ქართული ოცნებაა", რადგან მათ ზუსტად აქვთ გათვლა, რომ ასეთ სამართლიან, თავისუფალ და ინფორმირებული არჩევნების პირობებში ისინი არჩევნებს ვერ მოიგებენ.
სწორედ ამიტომ მოიფიქრეს ესეც, რომ დამკვირვებელ ორგანიზაციას [„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან"], რომელსაც ცოდნაც, გამოცდილებაც, ისტორიაც და პირველ რიგში ამომრჩევლების ნდობა აქვს, ასევე ნდობა აქვს პარტნიორების და ყველა იმ ადამიანის, რომელსაც სურს რომ აქ ხარისხიანი და კარგი არჩევნები ჩატარდეს. მოიფიქრეს და თქვეს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ უნდა გამოვაცხადოთ პოლიტიკურ სუბიექტად, ავკიდოთ მათ საარჩევნო პასუხისმგებლობა, რომ მათ საარჩევნო მიზნები აქვთ. ისეთი გარემო და ნორმატიული ბაზა შევქმნათ, რომ მათ არ ჰქონდეთ არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა“,- აცხადებს TI-ის რეგიონული ოფისების მენეჯერი.
მისი შეფასებით, კობახიძე დამოუკიდებლად არც მანამდე იღებდა გადაწყვეტილებებს, როდესაც რაჟდენ კუპრაშვილს მათთვის სადამკვირვებლო უფლების შეზღუდვას ავალებდა და არც მაშინ მოქმედებდა დამოუკიდებლად, როდესაც ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, დასანქცირების ბრძანება გააუქმა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე მოქმედებს არა დამოუკიდებლად, არამედ ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით მოქმედებს, რომელმაც ასე მოქმედების გადაწყვეტილება მიიღო.