მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას Rothschild & Co-ს დაქირავება 4 მილიონ ლარზე მეტი უჯდება

627a458aef9a2
შოთა ტყეშელაშვილი
10.05.22 15:16
1141

საქართველოს მთავრობას კომპანია Rothschild & Co-ს და KAISER PARTNER-ის დაქირავება 4.5 მილიონზე მეტი უჯდება - ამის შესახებ 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის ანგარიშიდან ირკვევა. საკონსულტაციო ფირმა ვალდებულია საქართველოს მთავრობისთვის მოამზადოს ახალი სტრატეგია, რომელიც ქვეყანას "საერთაშორისო ფინანსურ ჰაბად" გადააქცევს. 

2021 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ Rothschild & Co-სთან გააფორმა კონტრაქტი, რომელიც კომპანიის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური რეფორმების მომზადებას მოიცავს.

20 აპრილს დოკუმენტის სამუშაო ვერსია კომპანიის მმართველმა დირექტორმა, არიელ მალარდ დე როტშილდმა წარუდგინა. 

სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტებია: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა, ქვეყანაში ძლიერი ფინანსური ცენტრების განვითარების ხელშეწყობა და კაპიტალის ბაზრის განვითარება.

25 მარტს, საქართველოს მთავრობამ ამ პროექტის განხორციელებისთვის სპეციალური განკარგულებაც გამოსცა:

"საქართველოს მთავრობის განკარგულება N528, თარიღი - 25.03.22. საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოს საერთაშორისო რეგიონალურ ფინანსურ და საბანკო ჰაბად პოზიციონირების საკითხებზე ხელშეწყობისათვის აუცილებელი საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების დაფინანსების მიზნით გამოიყოს 4,538,638 ლარი", - ნათქვამია დოკუმენტში. 

რა რეფორმა უნდა მომზადდეს?

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 17 იანვარს განაცხადა, რომ ისინი ახალი ტიპის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას გეგმავენ. თუკი ამჟამად თიზ-ები წარმოებასა და ლოგისტიკაზეა ორიენტირებული, ახალი ტიპის თიზი ფინანსურ საქმიანობაზე იქნება კონცენტრირებული. “სპეციალური ფინანსური ზონა” - ეს იქნება ამ ახალი თიზ-ის სახელი.

მთავრობის განცხადებით, ამ ზონებისთვის ორი ლოკაცია უკვე შეარჩიეს. კერძოდ კი “სპეც. ფინანსური ზონა” 110 ჰექტარზე თბილისსა და გონიოში განთავსდება.

ანუ Rothschild & Co მუშაობს რეფორმის პროექტზე, რომელიც თემქის მიდამოების და გონიოს საერთაშორისო ფინანსურ ცენტრად განვითარებას გულისხმობს და ამაში საქართველოს მთავრობა თითქმის 2 მილიონ ლარს იხდის.

“სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს. რაც მთავარია, ამ ზონებში მოქმედი კომპანიების თანამშრომლების ნახევარზე მეტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. ამ ცენტრების შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი მნიშვნელობის საერთაშორისო კომპანიები, ისეთები როგორიცაა Rothschild-ის კომპანია.

ეს ცენტრები ორიენტირებული იქნება ფინტექებზე, აქტივების მმართველ კომპანიებზე, ტრეიდინგით დაკავებულ კომპანიებზე და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ჩვენი ვარაუდია, რომ ეს შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის იანვარში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები