მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობას საქართველოში უცხოელი ინვესტორები მხოლოდ რიტორიკის დონეზე სურს“ – ფადი ასლი

643937025232c
ელენე კვანჭილაშვილი
14.04.23 15:12
851
„რა თქმა უნდა, თუ საქართველოს ექნება სასამართლო სისტემა, რომელიც გამართულად იფუნქციონირებს და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ეს გაზრდის უცხოური ინვესტიციების მოცულობას ქვეყანაში. თუმცა, კითხვა მხოლოდ ის არ არის, გვაქვს თუ არა კარგი სასამართლო სისტემა, არამედ ისიც, სურს თუ არა მთავრობას საქართველოში უცხოელი ინვესტორები“ – ამბობს ICC Georgia-ს თავმჯდომარე ფადი ასლი ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–სთან ინტერვიუში.

საქართველოში უცხოელი ინვესტორების ყველაზე მსხვილი გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში რასაც აკვირდება, „მთავრობას აქ უცხოელი ინვესტორები არ სურს“.

ფადი ასლი ამბობს, რომ საქართველოში კარს უღებენ მხოლოდ იმ ინვესტორებს, რომლებიც მზად არიან საქართველოს მთავრობასთან დაახლოებულ პირებთან ერთად აწარმოონ ბიზნესი.

„დამოუკიდებელ უცხოელ ინვესტორებს აქ ბევრი პრობლემა ექმნებათ. ამ პრობლემების წყარო მთავრობაა, სრულიად შეგნებულად – ამბობს „ანალიტიკა“–სთან საუბრისას ICC Georgia-ს თავმჯდომარე – "შეხედეთ ჰიდროელექტროენერგიის სექტორს, გვაქვს ასევე უფრო ძველი მაგალითებიც, ფილიპ მორისთან და BAT–ისთან დაკავშირებით და დღესაც, შემიძლია მოგიყვეთ ყოველდღიური შემთხვევების შესახებ, როცა უცხოელი ინვესტორები საქართველოში დიდ პრობლემებს აწყდებიან. საქართველოს მთავრობას უცხოელი ინვესტორები მხოლოდ რიტორიკის დონეზე სურს“.

- გვითხარით მაშინ, თქვენი გამოცდილებით, რა არის ის მთავარი პრობლემები, რასაც უცხოელი ინვესტორები საქართველოში აწყდებიან ...

- ორი პრობლემაა. ერთი უკავშირდება შოვინიზმს – აქ იმას ვგულისხმობ, რომ საქართველოს მთავრობას არ მოსწონს, როცა საქართველოში ბიზნესს უცხოელები აწარმოებენ. ამით ისინი თანხვედრაში არიან საზოგადოების საკმაოდ მსხვილი ნაწილის დამოკიდებულებებთანაც. მთავრობა ცდილობს იმ ადამიანებს ასიამოვნოს, რომლებმაც შემდგომ მას და მის პოლიტიკურ ძალას ხმა უნდა მისცენ. ეს ერთი პრობლემაა. მეორე პრობლემა – კორუფციაა. კორუფცია გადაუჭრელ პრობლემად ყალიბდება ჩვენს ქვეყანაში. ადამიანები მესაუბრებიან. კონკრეტული მაგალითები შემიძლია მოგიყვანოთ. მაგალითად, ერთი უცხოელი ინვესტორი ფლობს მიწის დიდ ნაკვეთს თბილისში – ახლა მას არ დავასახელებ, რადგან შეიძლება არ უნდოდეს გამოჩენა – მან ამ დიდი მიწის რამდენიმე ნაწილი ქართული ოცნების წევრებს მიჰყიდა, რამდენიმე მათგანი პარლამენტის წევრიც არის – მათ მიწის ამ ნაკვეთებზე შენობები ააშენეს; ამ უცხოელმა ინვესტორმა ზუსტად იგივე ტიპის გეერგე მოითხოვა მიწის საკუთარი ნაკვეთისთვის – თუმცა, უარი მიიღო. კიდევ ერთი მაგალითი – ქართულ–უცხოური ინვესტიციაა, მათ აქვთ ბიზნესცენტრი თბილისში – მეტს არ დავაკონკრეტებ – მათ მიიღეს ყველა ტიპის ნებართვა, ააშენეს ბიზნესცენტრი და უკვე სამი წელი გავიდა, რაც მუნიციპალიტეტი არ აძლევს მათ ნებართვას გამოიყენონ მიწისქვეშა პარკინგი. უკვე სამი წელია, რაც შენობა დასრულებულია, თუმცა არავინ ქირაობს ან ყიდულობს, რადგან ხელმისაწვდომობა არ აქვთ პარკინგზე. ეს გამიზნული ქმედებებია. მოლოდინი აქვთ, რომ კერძო საკუთრებას ფასდაკლებით შეიძენენ და თუ მართლაც ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი იყიდის, მეორე დღეს ნებართვა და პარკინგზე წვდომა გარანტირებული აქვს. იგივე მოხდა ამ რამდენიმე წლის წინაც – ისრაელის კომპანია იყო, რომელმაც გალერია თბილისის შენობა ივანიშვილს მხოლოდ იმიტომ მიჰყიდა, რომ ვერაფრით მიიღო პარკინგზე წვდომა. ღირებულებას 20 მილიონი ამერიკული დოლარი დააკლო. მეორე დღეს პარკინგზე წვდომა გარანტირებული იყო. ეს სერიოზული პრობლემებია. ამიტომაც უცხოელი ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი სულ უფრო იკლებს. ჩვენი ოფისი იერუსალიმის გოდების კედელს ჰგავს – ყოველ დღე რომელიმე ინვესტორი მოდის და პრობლემებზე გვიყვება. ძალიან მძიმე სიტუაციაა.

- თქვენ ახლა იმას ამტკიცებთ, რომ ეს ყველაფერი ცდება მხოლოდ ბიუროკრატიულ ბარიერებს და კორუფციის მაგალითებია – ასეა?

- დიახ ეს კორუფციაა. პრობლემები გამიზნულად ჩნდება. ბევრი ბიზნესია, რომელიც იმდენად ახლოა მთავრობასთან, რომ ნებისმიერი პროექტის განხორციელებისთვის მათთვის მწვანე შუქია ანთებული. განსაკუთრებით მუნიციპალურ დონეზე. რამდენიმე სამშენებლო კომპანიაა, რომლებიც ძალიან ახლოა თბილისის მერთან – ამ ადამიანებს მაღალსართულიანი შენობების – ე.წ. სქაისქრეიფერის აშენება რომ მოუნდეთ აბანოთუბანში, მიიღებენ ნებართვას და ააშენებენ. ამდენად, სერიოზულ ინვესტორებს საქართველოსთან საქმის დაჭერა აღარ სურთ. დიახ არიან საქართველოში ინვესტორები, რომლებიც მიწის ნაკვეთს შეიძენენ, ბინას, თუმცა ეს არ ქმნის ეკონომიკურ მომენტუმს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლებსაც თუ შეხედავთ, ეფდიაი–ს 65% რეინვესტიციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიებმა დიახ მოგება მიიღეს, მაგრამ არ გაანაწილეს. მეორე საკითხია, ვინ არიან ეს უცხოელი ინვესტორები? მაგალითად – მაგთი – ერთ–ერთი მსხვილი უცხოელი ინვესტორია საქართველოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ მიმდინარე წელს რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტირება მოახდინეს – არა, ეს მოგებაა, რომელიც ახლა მათ საბანკო ანგარიშზე ინახება და განაწილებული არ არის აქციონერებს შორის. შემდეგ – სესხები – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან და ბანკებისგან მოზიდული სახსრები – ეს სესხები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად ითვლება – 10–12%. და ბოლოს – შარშან, 30% იყო კაპიტალში ინვესტირების მაჩვენებელი – ეს არის რეალური ინვესტიცია. ჩვენი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა სულ 2 მილიარდია – აქედან 400 მილიონი უძრავ ქონებაშია. შარშან ეს მაჩვენებელი 40 მილიონი დოლარი იყო. 360 მილიონით გაიზარდა – რატომ>? მეტწილად იმიტომ რომ რუსებმა იყიდეს ბინები.

- კანონის უზენაესობა შეცვლიდა ამ სურათს?

- დიახ, რა თქმა უნდა. ნებისმიერი წინაღობის შემთხვევაში მე წავალ სასამართლოში და სასამართლო დასჯის მას, ვინც ამ წინაღობებს და პრობლემებს ქმნის. კანონის უზენაესობა ბაზისია. კანონის უზენაესობის გარეშე ქვეყანა ვერ იფუნქციონირებს.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები